რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: უკრაინული ძალები შეუპოვრად იგერიებენ თავდასხმებს ბახმუტში

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟონის თქმით, უკრაინული ძალები ბახმუტში შეუპოვრად იბრძვიან. ამის შესახებ პრიგოჟინმა Telegram-ზე მიმართვაში ისაუბრა.

"უკრაინული ჯარი დამატებით რეზერვებს აგზავნის ბახმუტში და ცდილობს მის მთელი ძალებით დაცვას. [...] ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი შეუპოვრად იგერიებს თავდასხმებს. სისხლისღვრა მატულობს ყოველ დღე". – ამბობს პრიგოჟინი

ვაგნერის მებრძოლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ ქალაქ ბახმუტის აღებას, თუმცა, პრიგოჟინის თქმით, მათ არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა წინ წასაწევად.

"საჭიროა სისტემის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ სისტემა მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგულარულად მივიღებთ საბრძოლო მასალას". – თქვა პრიგოჟინმა.

უკრაინული მედიის ინფრომაციით, უკრაინელი ჯარისკაცები მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით ყოველდღიურად 500 რუს დამპყრობელს ანადგურებენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, დანაკარგების მიუხედავად რუსები ქალაქზე შეტევას აგრძელებენ. რეზნიკოვი ოკუპანტების შეტევას “მცოცავს” უწოდებს.

"ფაქტობრივად, ეს უკვე მიმდინარეობს [რუსული შეტევა]. ჩვენ ამას ვუწოდებთ "მცოცავ შეტევას", რადგან მათ აქვთ გიჟური ტაქტიკა: ვაგნერის ან ყოფილი პატიმრების ტალღებს ჩვენს წინააღმდეგ აგზავნიან, რათა უკან დაიბრუნონ რამდენიმე მეტრი, მიწა, მაგალითად, ბახმუტში. ოცი მათგანი თავს ესხმის ჩვენს მხარეს და ჩვენ მათ ვკლავთ, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ოცი მოდის და კიდევ ოცი უწყვეტი ციკლით. ჩვენმა გენერალმა აღმოსავლეთის ფრონტზე თქვა, რომ რუსებს 500 დაღუპული და 900 დაჭრილი ჰყავდათ დღეში." - თქვა მან.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუთი მტკიცედ დგას. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტს კარგად იცავენ, რაც მტრის თავდასხმის უნარს ამცირებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლებში მძიმე დანაკარგებს განიცდიან. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინელმა სამხედროებმა 148 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი უკვე გაანადგურეს.

კომენტარები