რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროველები პრიგოჟინს აკრიტიკებენ, "კაცურ" შეხვედრასა და საუბარს სთავაზობენ

მარცხნივ - მაგომედ დაუდოვი; მარჯვნივ - ადამ დელიმხანოვი.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ორი მაღალი რანგის წარმომადგენელი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელ რუს ოლიგარქს, ევგენი პრიგოჟინს აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, რომ შეხვდნენ, როგორც "კაცი კაცს" და დაილაპარაკონ.

თავდაპირველად ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრმა, ადამ დელიმხანოვმა.

დელიმხანოვმა პრიგოჟინს უწოდა ბლოგერი და შეხვედრა შესთავაზა. მან აღნიშნა, რომ მიმართვა გაავრცელა ვაგნერის დამფუძნებლის ნათქვამის საპასუხოდ. აქამდე პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ მისთვის ჩეჩნური ქვედანაყოფი ახმატის დავალებები და მოქმედებები გაუგებარია.

"ჟენია, შენ არ გესმის და არ უნდა გესმოდეს, მაგრამ ახმატის ქვედანაყოფი, როგორც ყოველთვის, ასრულებს ყველა იმ დავალებას, რომელიც დასახულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. თუ შენთვის რამე გაუგებარია, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე. დათქვი დრო და ადგილი და აგიხსნით, რაც არ გესმის". – თქვა დელიმხანოვმა. 

ამას გარდა, დელიმხანოვმა პრიგოჟინი ემოციური ვიდეოების გამო გააკრიტიკა. 

"შენ უკვე ბლოგერი გახდი და მთელ მსოფლიოს უყვირი, უღრიალებ, რომ მხოლოდ პრობლემები გვაქვს და არაა საბრძოლო მასალა და ა.შ.... გეყოს ლაყბობა, ყვირილი, ღრიალი. თქვი ადგილი სად და როდის შევხვდებით და პირისპირ ყველა საკითხს გადავწყვეტთ". – თქვა დელიმხანოვმა. 

ამას გარდა, დელიმხანოვმა უარყოფითად შეაფასა პრიგოჟინის სიტყვები, რომ ვაგნერი მსოფლიოში მეორე არმიაა.

დელიმხანოვის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმაც.

დაუდოვმა პრიგოჟინი "პანიკური განწყობის" დათესვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პრობლემები ქვედანაყოფი ახმატის ძალებსაც ჰქონდათ, თუმცა არ "უყვირიათ". მან გააკრიტიკა პრიგოჟინის მოწოდებები თავდაცვის სამინისტროს მეთაურების დახვრეტის აუცილებლობაზეც. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ პრიგოჟინს ასევე შეხვედრისკენ მოუწოდა. მან ასევე რუს ოლიგარქს ცუდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

"ამ ტემპით თუ გააგრძელებ, არაფერი კარგი არ გამოვა. ლოკაცია ჩააგდე და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, როგორც კაცი კაცს შევხვდებით და განვიხილავთ". – თქვა დაუდოვმა. 

აღსანიშნავია, რომ წარსულში კადიროვსა და კადიროველებს ვაგნერთან და ევგენი პრიგოჟინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

პრიგოჟინი შეხვდა ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, რომელიც, კადიროვის მტკიცებით, მოწამლული იყო

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში მინისტრი სერგეი შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

აქამდე, 18 თებერვალს ევგენი პრიგოჟინი კადიროველების ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, აპტი ალაუდინოვს საავადმყოფოში შეხვდა. შეხვედრამდე, როგორც კადიროვი ამბობდა, მისი თანაშემწის, ალაუდინოვის მოწამლული წერილით მკვლელობა სცადეს, რასაც ეს უკანასკნელი გადაურჩა.

რუსი ოლიგარქი ამბობდა, რომ მან და ჩეჩენთა ქვედანაყოფის მეთაურმა უყურეს ვაგნერელბის მიმართვას, რომელშიც ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 120-მმ-იანი ჭურვებით დახმარებას სთხოვდნენ. პრიგოჟინის თქმით, საუბრის დროს აპტი ალაუდინოვი მას დაჰპირდა, რომ ახმატის მარაგებიდან 100 ერთულ 120-მილიმეტრიან ჭურვს გადასცემდა.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები