რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი თავდაცვის სამინისტროს: ვაგნერი 10 მაისს ბახმუტს დატოვებს

კადრი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ მისი ძალები ქალაქ ბახმუტს 10 მაისისთვის დატოვებენ.

"ოფიციალურად ვატყობინებ თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს, საბრძოლო მასალის გარეშე ბახმუტში დანაკარგების მიღება უსარგებლო და გაუმართლებელია. ჩემი ბიჭები აღარ იქნებიან. ამიტომ, 2023 წლის 10 მაისიდან ბახმუტის დასახლებული პუნქტიდან გავდივართ". – ამბობს პრიგოჟინი მიმართვაში.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. 

"თუ თქვენი შურის გამო არ გინდათ, რომ ბახმუტის აღებით რუსებს გამარჯვება აჩუქოთ, ეს თქვენი პრობლემაა". – თქვა პრიგოჟინმა. 

პრიგოჟინის თქმით, მისი ძალები ბახმუტის დატოვების ბრძანებას 10 მაისამდე ელიან, შემდეგ კი ქალაქს დატოვებენ.

"გენერალური შტაბის მეთაურს ვთხოვ, ხელი მოაწეროს საომარ განკარგულებას. ჩვენს მიმართ ერთი ფურცელიც არ გამოუგზავნიათ მთელი ომის განმავლობაში, რადგან მეთაურობას ეშინია პასუხისმგებლობის აღების, როგორც შეტევის, ისე გასვლის დროს. ამიტომ ველით ბახმუტიდან გასვლის საბრძოლო განკარგულებას". – განაცხადა პრიგოჟინმა და დაამატა, რომ ქალაქში 10 რიცხვამდე დარჩებიან.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვების შემდეგ მისი ძალები უკანა ხაზზე გადავლენ და მოიცდიან იქამდე, სანამ "რუს ხალხს კვლავ არ დასჭირდებიან".

"შემდეგ ჩვენს გავალთ უკანა ხაზზე მყოფ ბანაკებში, 400 დღის, ყოველდღიური მძიმე სამუშაოს შემდეგ. ამ უკანა ხაზის ბანაკებში დაველოდებით, კვლავ როდის დავჭირდებით რუს ხალხს. ვფიქრობ ეს ძალიან მალე მოხდება, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ იმას მიხედოთ, რაც გევალებათ". – აღნიშნა რუსმა ოლიგარქმა.

ვიდეომიმართვაში პრიგოჟინმა თქვა, რომ გასული წლის მარტში მის ჯგუფს დახმარება სთხოვეს, რის შემდეგაც ვაგნერელები აფრიკის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ. მისი თქმით, რუსეთის არმია "სამარცხვინოდ გაიქცა" იზიუმიდან და ლიმანიდან. ვაგნერის დამფუძნებლის მტკიცებით, ბახმუტში მისი ოპერაცია წარმატებით მიდიოდა, თუმცა ამის გამო ზოგიერთი მოხელე, "თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო ბიუროკრატები ბოღმისგან გასკდნენ" და მისი ძალებს "საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი" შეუქმენს. 

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ვაგნერი ბახმუტის აღებას 9 მაისისთვის გეგმავდნენ, თუმცა, "ამის დანახვისას", "სამხედრო ბიუროკრატებმა" მას საბრძოლო მასალის მიწოდება 1-ელი მაისიდან ფაქტობრივად სრულად შეუწყვიტეს.

"ამის დანახვისას, 1-ელი მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა ფაქტობრივად სრულად შეწყვიტეს ყველა მოწოდება, რადგან ჩვენთვის ამისი გაკეთების საშუალება არ მოეცათ. რადგან სქელი მუცლები უცახცახებთ და ფიქრობენ, რომ ისტორიაში გამარჯვებულებად შევლენ. ისინი უკვე მშიშრებად შევიდნენ". – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე პრიგოჟინმა გაავრცელა დახოცილი ვაგნერელების კადრები. ვიდეოში პრიგოჟინი ლანძღავდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და მის მოადგილეს, რუსეთის გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს, რომელიც უკრაინაში საოკუპაციო ძალებს მეთაურობს.

"აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ... ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან... ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?". – ამბობდა პრიგოჟინი.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.

"მივმართავ სერგეი კუჟეგოტოვიჩ შოიგუს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს საბრძოლო მასალა. ამ მოწოდებაზე უარის შემთხვევაში, აუცილებლად ვთვლი, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და ბახმუტის დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დარჩენის მიზანშეწონილობის შესახებ". – თქვა პრიგოჟინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წერილს შოიგუს გაუგზავნიდა იმ დღეს, როცა ინტერვიუ ჩაწერეს. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები