რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინის ვიდეოს მიხედვით, ვაგნერელებმა დაატყვევეს რუსი ოფიცერი, რომლის ჯგუფიც მათ ესროდა

კადრი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ვაგნერის ჯგუფსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის მომხდარი შეტაკების ცნობის გავრცელების შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ახალი ვიდეო, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის უმცროსი პოლკოვნიკი, რომან ვენევიტინი. 

ვიდეოში, პირი, რომელიც, როგორც ჩანს, ნაცემია, აღიარებს, რომ განაიარაღა კსკ ვაგნერის სწრაფი რეაგირების ჯგუფი და შემდეგ მათი სამხედრო სატვირთოსთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. კადრებში ნაჩვენები კაცი ამბობს, რომ ეს "პირადი მტრობის" მიზეზით ჩაიდინა. ნაცემმა კაცმა ვიდეოში თქვა, რომ ის თავს დამნაშავედ გრძნობს.

"ინებეთ ალუბალი ტორტზე, რათა არანაირი ეჭვი არ დაგრჩეთ". – დაწერა პრიგოჟინმა ვიდეოს აღწერაში. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ შეძლეს ვაგნერელებმა რუსი უმცროსი პოლკოვნიკის ტყვედ აყვანა.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებსა და ვაგნერელებს შორის შეტაკება მოხდა.

აქამდე, გასულ დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაღმული ჰქონდა ის გზა, რომლის მეშვეობითაც ვაგნერის ძალების ბახმუტის პოზიციებს ტოვებდნენ. რუსმა ოლიგარქმა მისთვის ჩაბარებული ანგარიში სწორედ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაავრცელა.

ანგარიშის მიხედვით, შეტაკება 17 მაისს მოხდა, როცა რუსი სამხედროები ვაგნერის უკანდასახევ გზაზე ნაღმებს ათავსებდნენ.

"მოგახსენებთ, რომ 17.05.2023-ში კომპანიის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ოპიტნოიესა და ოზარიანოვკას დასახლებული პუნქტების რაიონში შენიშნეს თავდაცვის სამინისტროს ჯგუფები, რომლებიც ნაღმავენ გზას კსკ ვაგნერის ზურგის ზონაში". – წერია პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. 

პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაგნერელები ამ ტერიტორიის განაღმვით სამუშაოებს ასრულებდნენ, როცა მათი მიმართულებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს.

"დანაღმული ადგილის წინასწარი დათვალიერების შემდეგ, [ვაგნერის გამნაღმველების] ჯგუფები გზის განაღმვას შეუდგნენ, თუმვა მოუწიათ შეეჩერებინათ სამუშაოები, რადგან სემიგორიეს დასახლებული პუნქტის რაიონში, დაახლოებით 15:40-ზე მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი, თავდაცვის სამინისტროს პოზიციების მხრიდან". – წერია პრიგოჟინის მიერ გავრცელებულ ცნობაში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სროლის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ერთი სამხედრო სატვირთო მანქანა, თუმცა არცერთი მებრძოლი არ დაშავებულა. ამავე ცნობით, ვაგნერელებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს. 

"ჯგუფები ჩქარობდნენ და გონებაგაფანტულებმა მიიღეს საპასუხო ზომები აგრესიის აღსაკვეთად და შესაკავებლად". – წერია ანგარიშში. 

პრიგოჟინის გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი, 72-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადის მეთაური, რომელიც იყო ნასვამი და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ დანაღმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ფაქტი არაა საჯარო.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები