რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" და "დემილიტარიზაციამ" უკუშედეგი გამოიღო

კადრი პრიგოჟინის მიერ 13 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა ერთსაათიან ინტერვიუში გააკრიტიკა რუსეთის მიდგომა უკრაინის დონბასის მიმართ, ასევე ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმა და აღნიშნა, რომ "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა საპირისპირო შედეგები გამოიღო.

პრიგოჟინის თქმით, დონბასისგან "მიწიერი სამოთხე" უნდა შეექმნათ, მისი რეკლამირება გაეწიათ სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების საჩვენებლად.

"იმის ნაცვლად, რომ  დონბასისგან მიწიერი სამოთხე გამოგვეყვანა, ყველასთვის გვეთქვა, სომხეთისთვის, საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, დაბრუნდით ჩვენთან, ნახეთ რა მაგარია, საუკეთესოები ვართ... [ამის ნაცვლად] დონბასი გაძარცვეს". – თქვა პრიგოჟინმა.

ამას გარდა, პრიგოჟინმა ეჭვი შეიტანა კრემლის მტკიცებაში, რომ უკრაინა ომის დაწყებამდე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადებოდა.

"რეკლამა არ გამოვიდა, დონბასი ტრა*შია, ამის შემდეგ უკრაინელებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის მზადება, როგორც გვეუბნებიან. არ შევედავები, რადგან მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მე მაქვს ინფორმაცია აფრიკაში რა ხდებოდა". – აღნიშნა პრიგოჟინმა. 

ვაგნერის დამფუძნებელმა ინტერვიუში სპეცოპერაციის ფორმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, რუსეთის მხარეს ომის შედეგებისგან დასკვნები ვერ გამოაქვს.

"გამოაცხადეს სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია უკრაინის ჩვენს პრორუსულ წიაღში გადმოყვანაა. უკრაინაში ამ წიაღში მოხვედრა ბევრს სურდა. თუ პრორუსულ წიაღს ვქმნით, უნდა შევცვალოთ [უკრაინის] ხელისუფლების მეთაურები, ერს ტრა*ი დავუკოცნოთ და ჩვენთან მოვიპატიჟოთ... ჩვენ რა გავაკეთეთ? მოვედით თავხედურად, ჩექმით გავთელეთ მთელი ტერიტორია ნაცისტების ძებნაში. სანამ ნაცისტებს ვეძებდით, ვისაც შეგვეძლო, ყველას ყოფა ვუტირეთ, მივედით კიევთან შემდეგ ჩავისვარეთ და გავედით, შემდეგ ხერსონთან, ჩავისვარეთ და გავედით, იზიუმი, წითელი ლიმანი. რაღაც თავის ადგილზე არაა. პრინციპში, იოსებ ბესარიონის ძე [სტალინი] დასკვნებს გამოიტანდა, ორას კაცს დახვრეტდა, იქნებ ვინმე ჩამოეხრჩო, პირადი, ესთეტიკური დაკმაყოფილებისთვის, მაგრამ ჩვენ ჯერ არანაირი დასკვნა არ გამოგვიტანია. სპეცოპერაცია ტარდებოდა დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის". – თქვა პრიგოჟინმა. 

პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ ომის შედეგად "დენაციფიკაციის" ნაცვლად უკრაინელები მსოფლიოში ყველასთვის ცნობილ ერად აქციეს.

"უკრაინა უბრალოდ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ჰქონდათ უკრაინული ენა და ყველა პატივს სცემდა, მათ შორის საბჭოთა კავშირში... [დენაციფიკაციით] უკრაინა გავხადეთ ნაციად, რომლის შესახებაც ყველამ იცის მსოფლიოში. როგორც ბერძნები იყვნენ საბერძნეთის აყვავების დროს... უკრაინის ლეგიტიმაცია მოხდა. უკრაინა გახდა ქვეყანა, რომლის შესახებაც ყველგან იციან". – აღნიშნა პრიგოჟინმა.

"დემილიტარიზაციასთან" დაკავშირებით კი პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმაზე დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ომის დაწყების დროს ჰქონდა.

"რაც შეეხება დემილიტარიზაციას... თუ სპეცოპერაციის დასაწყისში, სიტყვაზე, 500 ტანკი, ახლა 5 000 აქვთ. თუ ბრძოლა შეეძლო 20 ათასს, ახლა შეუძლია 400 ათასს. რანაირად მოვახდინეთ დემილიტარიზაცია? გამოდის რომ პირიქით, მილიტარიზაცია მოვახდინეთ". – თქვა პრიგოჟინმა. 

ამას გარდა, ევგენი პრიგოჟინმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალები და მათი დაზვერვა. მისი თქმით, მათ მოქმედებების გაანალიზების უნარი აქვთ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ როგორც საბჭოთა, ისე NATO-ს სისტემების გამოყენება.

კომენტარები