რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პრიგოჟინი: ვაგნერი ბახმუტიდან რომ გავიდეს, რუსეთის ფრონტი ჩამოიშლება

ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში. კადრი მისი გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა და რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ თუ მისი დაჯგუფება ქალაქ ბახმუტს დატოვებს, რუსეთისთვის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.

პრიგოჟინი თვლის, რომ თუ ეს პროცესი დაიწყება, ფრონტი, შესაძლოა, არა მხოლოდ რუსეთის საზღვრებამდე, არამედ უფრო შორსაც გადაიწიოს.

"თუ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ახლა ბახმუტიდან უკან დაიხევს, მთელი ფრონტი ჩამოიშლება. დღეს ვაგნერი ცემენტივითაა, ერთის მხრივ ვიზიდავთ მთელ უკრაინის არმიას, ვანაწილებთ და ვანადგურებთ, ფრონტის სხვა ნაწილზე კონცენტრაციის საშუალებას არ ვაძლევთ. მეორეს მხრივ, წინ მივიწევთ და სხვებს უწევთ, რამენაირად, ჩვენს კვალდაკავალ მაინც წამოიწიონ, რადგან სახე და რეპუტაცია შეინარჩუნონ... თუ ვაგნერი უკუქცევას დაიწყებს, ისტორია შემდეგნაირად განვითარდება: გასაგებია, რომ ფრონტი დაიშლება. ფრონტი რუსეთის საზღვრებამდე, შეიძლება უფრო შორსაც დაიშალოს. ყველა ფორმირებისთვის სიტუაცია რთულად იქნება". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა ისაუბრა იმ შესაძლო რეალობაზე, რომელშიც ვაგნერი უკან იხევს და სახელმწიფო ორგანოები ფრონტის ჩამოშლას მას დააბრალებენ. 

"რაც შეეხება ვაგნერს, ისტორია შემდეგნაირად იქნება: კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ბახმუტიდან უკან დაიხია, ისტორიაში კი დარჩება შემდეგი ფორმულირება - დაქირავებულთა ჯგუფმა, პრიგოჟინის მეთაურობით, პრეზიდენტი პუტინი საკუთარ აუცილებლობაში დაარწმუნა - სინამდვილეში, ჩვენ დაგვიძახეს, როცა ვითარება რთულად იყო, მაგრამ ასე იტყვიან - დაარწმუნა და ჩადგა ბახმუტში, სადაც თავის თავზე უკრაინის არმიის კონცენტრირება დაიწყეს. შემდეგ, დაქირავებულთა ჯგუფი სახელმწიფოს ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არ შეუთანხმდა ფულზე ან სხვა რამეზე, მკვეთრად ამოვარდა და ზამბარის ეფექტი ამოქმედდა. ვაგნერი ამოვარდა და წნეხის ქვეშ მყოფი უკრაინის არმია ფლანგის მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდანაც ლსრ-ს ტერიტორიაზე შეიჭრა, წალეკა ლუგანსკი, წალეკა კრასნოდონი (სოროკინე), გავიდა რუსეთის ტერიტორიაზე, არმია იძულებული იყო, რომ ფრონტის სტაბილიზაცია მოეხდინა და ფლანგები ჩამოიშალა. შემდეგ დაეცა ყირიმი, არ ვიცი, კიდევ სხვა ბევრი კატაკლიზმი მოხდა". – აღწერა პრიგოჟინმა შესაძლო სცენარი.

პრიგოჟინმა ფაქტობრივად თქვა, რომ, შესაძლოა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, ან "უფრო მაღლა" ვაგნერისთვის პოტენციური მარცხის გადაბრალებას გეგმავდნენ და ამიტომაც არ აწვდიდნენ საბრძოლო მასალასა და შეიარაღებას. 

"ამიტომ დღეს ვაგნერი არის ცემენტივით, რომელიც სტაბილიზატორია და მოწინააღმდეგეს გარღვევის საშუალებას არ აძლევს. თუ [ბახმუტიდან] გავალთ, ისტორიაში სამუდამოდ შევალთ როგორც ხალხი, რომელმაც ომის წაგებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. სწორედ ამაშია საბრძოლო მასალების "შიმშილის" პრობლემა. ჩემი მოსაზრება არაა. ჩვეულებრივი მებრძოლები, დაგრეხილი ხელებით, დამტვრეული ფრჩხილებით და აბურძგნული წვერით მოდიან და ამბობენ: "დირექტორო, შესაძლოა რომ თავდაცვის სამინისტროს სიღრმეში, ან იქნებ უფრო მაღლა, ამ ისტორიას ათამაშებდნენ, რათა მთელ რუს ხალხს აუხსნან, რატომ შეგვემთხვა ასეთი უსიამოვნებები. იქნებ მათ სურთ გადაგვაგდონ და თქვან, რომ თქვენი საზიზღრების ბრალიაო და ამიტომ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, შეიარაღებას და რიგების პატიმრებით შევსების უფლებას?"" – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე, გასულ დღეს პრიგოჟინი ამბობდა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში დიდი წნეხის ქვეშ არიან. მათივე ცნობით, ვაგნერი და რუსეთის რეგულარული არმია ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნებში დაწინაურდნენ. საპასუხოდ, უკრაინა საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ელიტური რაზმებით ავსებს. ასევე ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ბოლო ორ დღეში ბახმუტში განადგურდა უკრაინული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ორი ხიდი, მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხიდი, რომელიც ბახმუტისთვის მთავარი მიწოდების ხაზი იყო და ჩასივ-იართან აკავშირებდა.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

ზელენსკი: ბახმუტის აუცილებელია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა ისე, რომ ყველა დაიღუპოს. ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ეს გონივრული იქნება

კომენტარები