რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ბელგოროდში შევალთ, თუ რუსეთის თავდაცვა ჩვენს მიწებს ვერ გაათავისუფლებს

ევგენი პრიგოჟინი. კადრი ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ინტერვიუში თქვა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვერ შეძლებს პროუკრაინული ჯგუფების მიერ ბელგოროდის ოლქში დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას, აქ მისი ძალები შევლენ.

პრიგოჟინის თქმით, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით ორ კვირას აძლევს.

"თავდაცვის სამინისტროს დაახლოებით ორ კვირას ვაძლევთ ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ თუ ჩვენს მიწას არ გაათავისუფლებენ და თუ დარწმუნებულები არ ვიქნებით და მე მოვითხოვ, რომ იქ შეგვიშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ხალხს ატყუებენ. თუ ეს არ მოხდება, თუ სიტუაცია გაუარესდება, ჩვენ შევალთ ბელგოროდში და დავიცავთ საკუთარ მიწას". – თქვა პრიგოჟინმა.

გასულ დღეს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა გაავრცელა ცნობა, რომ ისინი ბელგოროდის ოლქში სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას აკონტროლებენ. ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის ძალები სოფელში შესვლას ვერ ახერხებენ. თუმცა, 6 ივნისს გლადკოვმა თქვა, რომ პროუკრაინული ჯგუფები სოფე ნოვაია ტავოლჟანკაში არ იმყოფებიან.

უკვე რამდენიმე დღეა რაც პროუკრაინული ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში არიან გადასულები და საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ. მათ აყვანილი ჰყავდათ რამდენიმე სამხედრო ტყვეც.

კომენტარები