პოლიტიკური კრიზისი

"სესხზე რომ უარი ვთქვით, რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს გვიბრუნებს" – პრემიერის ირონია

facebook.com/GaribashviliOfficial

ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარის თქმაზე დასმულ კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირონიით პასუხობს.

"გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე - ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის". - მიმართავს ის ჟურნალისტს. 

31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილება "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ახსნა. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს. 

თუმცა, ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდა - მიზეზი კი საქართველოს მიერ დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შეუსრულებლობაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, EU-ს დახმარებაზე მთავრობის განცხადება მოულოდნელია და ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს. ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების დღის წესრიგს დაემშვიდობა და "შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა". ანდიუს კუბილიუსის შეფასებით კი ქართველ ხალხს ევროკავშირის დახმარება სჭირდება, თუმცა ქართულმა ოცნებამ მასზე უარი თქვა, რადგან ესმის, რომ დახმარებას ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კი წერს, რომ უარის თქმა საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორების სტრატეგიის ნაწილია.  

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სესხის მიღებაზე უარი გაუგებარი ნაბიჯია და "ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება". 


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა. 

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და დაწერა, რომ შეხვედრაზე რეფორმების საჭიროება ხაზგასმით აღნიშნა - "მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია".

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები