შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

"საქართველოს დემოკრატიის მარცხით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს" – სენატის ორპარტიული ჯგუფი

აშშ-ს სენატის წევრები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ სენატის საგარეო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრები, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რომ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო. 

სენატორები ეხმაურებიან 28 ივლისს ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას. 

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის იმ რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილის შეთანხმება დაიდო. აშშ-მ, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედების გამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება. 

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში კიდევ უფრო იმედების გამაცრუებელი იყო ქართული ოცნების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება ვალდებულება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს. 

ჩვენ, როგორც აშშ-ს სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს". – წერია განცხადებაში. ტაბულა ამერიკის ხმის თარგმანს ეყრდნობა. 

კომენტარები