პოლიტიკური კრიზისი

ევროპარლამენტარები: ევროპარლამენტი მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს

GETTY IMAGES

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

"კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. კერძოდ,  ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარება შეჩერდეს და, ამავდროულად, გაიზარდოს პირობები" - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
  • მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
  • სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
  • მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
  • პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელარუსის შესახებ.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

გამწვავებული კრიზისის ფონზე საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ეწვია, რომელმაც კრიზისიდან გამოსასვლელი 6-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ შარლ მიშელმა თბილისში სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოუშვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.

ამ დღეების განმავლობაში, ის შეხვდა ქართული ოცნების წევრებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი. 

18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში კრისტიან დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. ვიზიტის ფარგლებში დანიელსონმა პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები