ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
საქმე ეხება 2019 წლის 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან ჩატარებულ დემონსტრაციას, სადაც მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭიროს პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღებას. 18 ნოემბერს, დილის საათებში აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლისკენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.
შესაბამისად, პარლამენტის წევრებს, რომლებიც შენობაში შესვლას ცდილობდნენ, დემონსტრანტები, ყველა შესასვლელის ბლოკირებით, არ აძლევდნენ შიგნით შესვლის საშუალებას. ამის შემდეგ, 17:00 საათიდან პოლიციამ წყლის ჭავლების მეშვეობით დაიწყო შენობის შესასვლელების გათავისუფლება. ჯამში, პოლიციამ 37 დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის, იყვნენ გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა და ზუკა ბერძენიშვილი.
სასამართლომ მაქარაშვილი, კაჭარავა და ბერძენიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნო და 4-დან 12 დღემდე თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა.
მაქარაშვილი, კაჭარავა და ბერძენიშვილი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის საამრთლიანი განხილვის უფლება) და მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევაში ადანაშაულებდნენ.
ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 1 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის წინააღმდეგ არ დადგინდა არც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებისა და არც შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასურველი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პარლამენტის ბლოკირებით, 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში არეულობის შეტანისკენ იყო მიმართული, არსებული წესებისა და რეგულაციების გამიზნულად დარღვევით.
რაც შეეხება ირაკლი კაჭარავას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არსებული მასალა ვერ ადასტურებს, რომ ის დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ან რომ პირადად მან მიიღო მონაწილეობა პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებაში. ნაცვლად ამისა, მისი დაკავება მოხდა პარლამენტის შესასვლელის გახსნიდან 2 საათის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიხედვით, საქართველოს მთავრობას ევალება კაჭარავასთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 1 600 ევროს გადახდა.