პოლიტიკური კრიზისი

"დახმარებაზე ოცნების უარი სახიფათო ტრაექტორიას აუარესებს" – ოპოზიციის წერილი EU-სა და NATO-ს

ევროპული საქართველო

"დაფინანსებაზე უარი სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს". - 14 ოპოზიციური პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეინს, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლინსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს წერილით მიმართავს.  

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა. ვთვლით, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთ- ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. 

საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი შეუჩერებლად და დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი უმრავლესობა ახლაც იმავე პოზიციაზეა - მოქალაქეთა 80%-სთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც მას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ჰპირდება. გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი - ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა. 5 ივლისი - დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა - მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი. 

იმან, რომ თავდაპირველი ვალდებულდებების შემდეგ ქართულმა ოცნებამ უხეშად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების პირობები და საერთოდ დატოვა მოლაპარაკების ფორმატი, ხოლო ახლა დაფინანსებაზეც უარი განაცხადა, ამ სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ. გვსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ქართული დემოკრატიის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ერთგულებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად". - წერენ პარტიები ევროკავშირსა და ნატოს. 

წერილს ხელს აწერენ: 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
  • ევროპული საქართველო 
  • გირჩი - მეტი თავისუფლება 
  • ელენე ხოშტარია - დროა  
  • სტრატეგია აღმაშენებელი 
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია  
  • ლელო საქართველოსთვის 
  • თავისუფალი დემოკრატები 
  • ქრისტიან-დემოკრატები 
  • ევროპელი დემოკრატები 
  • ეროვნული დემოკრატიული პარტია 
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის 
  • კანონი და სამართალი 
  • ტარიელ ნაკაიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი 

31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილება "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ახსნა. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს. 

თუმცა, ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდა - მიზეზი კი საქართველოს მიერ დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შეუსრულებლობაა

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების დღის წესრიგს დაემშვიდობა და "შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა". ანდიუს კუბილიუსის შეფასებით კი ქართველ ხალხს ევროკავშირის დახმარება სჭირდება, თუმცა ქართულმა ოცნებამ მასზე უარი თქვა, რადგან ესმის, რომ დახმარებას ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კი წერს, რომ უარის თქმა საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორების სტრატეგიის ნაწილია. 


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა. 

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და დაწერა, რომ შეხვედრაზე რეფორმების საჭიროება ხაზგასმით აღნიშნა - "მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია".

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები