საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინა პირველი Rafale-ის ტიპის მრავალფუნქციურ გამანადგურებლებს 2028-2029 წლებში მიიღებს. მაკრონმა ამის შესახებ 13 ივლისს პარიზში, მსურველთა კოალიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთმა და უკრაინამ გასული წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმებების შესრულების საგზაო რუკა უკვე შეათანხმეს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინამ 100 ერთეული Rafale-ის გამანადგურებელი შეუკვეთა.
"პირველმა თვითმფრინავებმა უკრაინის ცაში უკვე 2028-2029 წლებში უნდა იფრინონ. ასევე, უკრაინა დამატებით რადარებსა და რაკეტებს მიიღებს." – თქვა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზი კიევს ასევე გადასცემს ლიცენზიებს Aster-30-ის ტიპის საზენიტო რაკეტების, SCALP-ის ფრთოსანი რაკეტებისა და AASM-ის მართვადი საავიაციო ბომბების წარმოებისთვის.
მაკრონის თქმით, აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებსა და მის პოზიციებს ფრონტზე.
Rafale-ი არის საფრანგეთში წარმოებული მეოთხე პლუს თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც საჰაერო უპირატესობის მოპოვების, სახმელეთო სამიზნეებზე დარტყმისა და სადაზვერვო მისიების შესრულება შეუძლია.




