რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა

Logan Cyrus/AFP via Getty Images

CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის დამტკიცებასაც აწგარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი დიდი ძალისხმევით ცდილობდა. 

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ოფისის განცხადებით, მიზეზი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა.

ლინდსი გრემმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა მანამდე განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად იყო კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. მათ 10 ივლისს თქვეს, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მიღწეული იყო. 

მანამდე სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თიუნმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი კანონპროექტთან დაკავშირებით სენატორ გრემთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და CNN-თან საუბრისას მან იმედიც გამოთქვა. 

"სენატში დემოკრატები და რესპუბლიკელები იქნება საჭირო, მაგრამ იმედ მაქვს, ამას შევძლებთ." – აღნიშნა მან. 

თიუნის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში გრემისთვის სანქციების პაკეტი იყო ის, "რაზეც მიღწევების მხრივ ყველაზე მეტად ღელავდა და ეს ნამდვილად იქნებოდა მისი უდიდესი მემკვიდრეობა."

ცალკე ინტერვიუში ბლუმენთალმა CNN-ს განუცხადა, რომ ის თიუნთან საუბარს აპირებდა კანონპროექტის საბოლოოდ მომზადებისა და შესაფერის დროს მიღებისთვის.

აღნიშნული სანქციების პაკეტი ტრამპს საშუალებას მისცემს, ძლიერი იმპორტის ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, ურანს და ბუნებრივ აირს ყიდულობენ, უკრაინასთან ომში მოსკოვის კიდევ უფრო დასუსტების მიზნით.

კომენტარები