პოლიტიკური კრიზისი

კრამონი: კოლეგების რეაქციიდან ჩანს, რომ ფინანსური დახმარების შეწყვეტა სერიოზულად განიხილება

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი.

"თუ არ დაუბრუნდებიან შარლ მიშელის შეთანხმებას, ჩვენ უკვე მარტში ვსაუბრობდით მაკროფინანსური დახმარების შეჩერებაზე. პარლამენტში ჩემი კოლეგების რეაქციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ ფინანსური დახმარების შეჩერებას. რაც შეეხება პროცედურას და დეტალებს, ამ მომენტში ამაზე საუბარი არ შემიძლია, მე არ ვარ პასუხისმგებელი". - ამბობს კრამონი.

გარდა ამისა, კრამონი ამბობს, რომ სხვა ზომებიც არსებობს, თუ  ოცნება ხელშეკრულებას არ შესრულებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა. 

კომენტარები