თვითმმართველობის არჩევნები

კობახიძე: მიშელის დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა

ტაბულა

"თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა". – ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას. კობახიძის განმარტებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებას ხელს არ აწერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის დამაზიანებელია, ამიტომ, მისივე სიტყვებით, შეთანხმება ანულირებულია.

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, ოპოზიცია იძულებული გახდა, შეეწყვიტა საბოტაჟი,რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა.  

[...] დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტზე ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ქართული ოცნების მხრიდან ამ შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩვენდა ლოგიკური კითხვა - რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა". – ამბობს კობახიძე. 

ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული პროცესი გაგრძელდება - სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად განიხილება და მიიღება. მისივე სიტყვებით, ამნისტიის შესახებ კანონის მიღება შემოდგომაზე დასრულდება.

"ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ". – ამბობს კობახიძე.

ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნების დასანიშნად 43%-იან ვალდებულებაზე უარი თქვა. ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ბარიერის დაწესება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული -  "თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავს", ქართული ოცნება "კეთილი ნებით" რიგგარეშე არჩევნებს ხმების არა 43%-ის, როგორც ეს მიშელის დოკუმენტში იყო გათვალისწინებული, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნავს. 

"უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკური პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა - ქართული ოცნება ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით". – ამბობს კობახიძე. 

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

კომენტარები