რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ორენბურგის მერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან მიგრანტების მოზიდვა დაბალი ხელფასების გამო ვერ ხდება.
გამოცემა Коммерсантъ წერს, რომ ამის შესახებ ქალაქის მერმა ორენბურგში ჩატარებული ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები შეჯამებისას ისაუბრა. ექსპერიმენტის მიზანი საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურებისთვის უცხოელი მუშა-ხელის დაქირავება იყო.
ორენბურგის მერის, ალბერტ იუმადილოვის თქმით, წინა წელს მან მეეზოვეებად ჩრდილოეთ კორეელების დასასაქმებლად მოლაპარაკებების გამართვა სცადა, თუმცა, ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"ჩრდილოკორეელი მუშები 55 000 რუბლზე თანახმანი არ არიან. იქ ხელფასები 2-3-ჯერ უფრო მაღალია." – განუცხადა ქალაქის მერმა ადგილობრივ გამოცემა 1743.ru-ს.
"რა თქმა უნდა, ისინი უფრო ეფექტურები არიან, რობოტებივით მუშაობენ. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, მართლაც რობოტები არიან... მაგრამ ხელფასს ვერ გავწვდებით." – დაამატა მან.
თუმცა, იუმადილოვმა აღნიშნა, რომ ორენბურგის მცხოვრებლები კმაყოფილები არიან ბოლო პერიოდში სენეგალიდან ჩამოსული მიგრანტების მუშაობით.
"ისინი კვირაობითაც მუშაობენ. აქამდე კვირას არავინ მუშაობდა! და შაბათსაც არავინ მუშაობდა... ამას რომ კონტრაქტორებისგან შეკვეთით ვყიდულობდეთ ჩვენ დაახლოებით სამი მილიონი დაგვიჯდებოდა. მაგრამ 20 მათგანს ვამუშავებთ და კარგ საქმეს აკეთებენ." – ამბობს ორენბურგის მერი.
Коммерсантъ-ს ცნობით, ალბერტ იუმადილოვმა აპრილში განაცხადა, რომ ორენბურგის ქუჩების დასასუფთავებლად სენეგალიდან 70 მუშა ჩამოიყვანეს. მისი თქმით, დიდი ოდენობის ნაგვის დასახარისხებლად რუსულენოვანი მუშების პოვნა რთული იყო. რუსული მედიის მიხედვით, სენეგალელ მეეზოვეებთან დადებული შეთანხმება 2027 წლის აპრილში დასრულდება.




