ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას თქვა, რომ EU-ს ივანიშვილის მთავრობასთან კავშირები არ აქვს და ევროკავშირს არა მათი, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა სურს.
"ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე, ქალბატონი კაია კალასი კი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ეს სრულიად სამარცხვინო და ძალიან მძიმე დამოკიდებულებაა, რაც მძიმე შეფასებას იმსახურებს. როცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებს და ამას უპირისპირდება, ძალიან მძიმე მოვლენაა". - თქვა კობახიძემ.
ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ EU-ს ქართული ოცნების მთავრობასთან კავშირები არ აქვს: "საქართველოსთან სირთულეები გვაქვს, რადგან რეალურად მთავრობასთან კავშირები არ გვაქვს და არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გვინდა. ჩვენ გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო გზა ამის მისაღწევად, რათა ხალხმა იმედი არ დაკარგოს." – თქვა კალასმა ევროსკოპის კითხვაზე პასუხისას.
ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიული მიდგომა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული კომუნიკეა, რომელიც რეგიონისთვის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს განსაზღვრავს. აღნიშნული გეგმის მიზანია, რომ შავი ზღვის რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს, უკეთ დაუკავშირდეს ევროპასა და ნაკლებად მოწყვლადი იყოს რუსეთის წინაშე.
2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც განიხილეს, საქართველო არ მიიწვიეს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის ახალ საპარტნიორო მისიაზე შეთანხმებასაც აპირებს, რათა ქვეყანაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელი იყოს.




