შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

მიშელი: საქართველოში პოლიტიკოსებთან კონსულტაციები იწყება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. მიშელის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებთან კონსულტაციები იწყება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

"ყურადღებას ვამახვილებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება ქმნის ევროპულ გზას უფრო ძლიერი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის შექმნისთვის საქართველოში და ქართველი ხალხის ინტერესებშია. ასევე, მხედველობაში მივიღე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავ არ აწერს შეთანხმებას ხელს.

კვლავ მჯერა, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების გატარებისთვის, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოიტანენ კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს და ზრდას - ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვის არის საჭირო.

ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, თავისუფალი და სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნების ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, წინ დააყენოს მოქალაქეების ინტერესები და იყვნენ ერთგული საქართველოს პოლიტიკური დისკუსიის გაგრძელებისა დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში პოლიტიკოსებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების განხილვისთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი." - ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა 28 ივლისს გამართეს.

28 აპრილის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

კომენტარები