დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პესკოვი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს, რუსული მედია პროპაგანდისტულ კამპანიას იწყებს

დონეცკელი სეპარატისტები სლოვიანსკში შენობაზე საკუთარ დროშას შლიან, 2014 წელი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინას ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასის რეგიონში, კონფლიქტის ხაზზე პროვოკაციების გახშირებაში სდებს ბრალს

"ბოლო 24 საათის  განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ცნობები, რომ მათი (დასავლეთის) თქმით, რუსეთი საზღვარზე ინარჩუნებს უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალს, თუმცა საუბარია ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. თუმცა არავინ, არც ერთი დასავლეთის არც ერთი წარმომადგენელი არ საუბრობს გაყოფის ხაზთან უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალზე. ხოლო პროვოკაციულ სიტუაციებთან ერთად, რომლებმაც მხოლოდ მოუხშირეს ბოლო 24 საათის ან მეტის განმავლობაში, ეს ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციაა", – ამბობს პესკოვი. მან აღნიშნა რომ კრემლი, მასმედიის მეშვეობით, თვალს ადევნებს ვითარებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

პარალელურად რუსულმა სამთავრობო მედიებმა დაიწყეს პროპაგანდისტული კამპანია და უკრაინის შეიარაღებული ძალების საწინააღმდეგოდ ავრცელებენ პრორუსული, სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ბრალდებებს, რომელთა მიხედვით, კიევი საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადება. რუსული მედია, ბოლო თვეებთან შედარებით, აქტიურად ავრცელებს მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის ყოველ ბრალდებას. 

პრორუსი სეპარატისტების ბრალდებებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს Точка-У-ს ტიპის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ასევე, მათი ბრალდებით, კონფლიქტის ახლო ზონაში, დასახლებულ პუნქტებში ჰაუბიცების გადატანა.

აშშ-ს გაფრთხილებებით, რუსეთს, შესაძლოა, ფაქტების ფაბრიკაციით ომის საბაბის გამონახვა სურდეს. 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რუსეთის მხრიდან განიხილება, ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა – აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვან მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

გასულ დღეს, 16 თებერვალს თეთრი სახლსის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ კომენტარი გააკეთა რუსული მხარის დეზინფორმაციის საფრთხეზე. ჟურნალისტმა ფსაკის შეკითხვა დაუსვა რუსული მხარის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც 2021 წელს დონბასში აღმოაჩინეს უკრაინელი სამხედროების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების საერთო საფლავები. 

"როგორც პრეზიდენტისგან გუშინ, დღეს კი სახელმწიფო მდივანი ბლინკენისგან გაიგეთ, ჩვენ ვართ შუალედში, სადაც გვჯერა, რომ თავდასხმა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს, რასაც წინ გაუსწრებს საბაბის ფაბრიკაცია, რომელსაც რუსები შეჭრის გასამართლებლად გამოიყენებენ. 

ჩვენ გვინახავს წარსულში ასეთი პრაქტიკების გამოყენება. ასე რომ ეს შეიძლება შეიცავდეს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდეს, ანგარიშს [საერთო საფლავების შესახებ], რომელიც ახლა ახსენეთ, დონბასში პროვოკაციის ბრალდებებს, სამთავრობო მედიების ცრუ ცნობებსა და პოტენციურ ცრუ ვიდეოებს, ცრუ ბალდებებს ქიმიურ იარაღზე, ან რუს ჯარისკაცებზე თავდასხმებზე, რომლებიც არ მომხდარა", – თქვა ჯენ ფსაკიმ. 

ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთი ამჟამად იყენებს იგივე სახელმძღვანელოს, რომელიც მან 2008 წელს საქარათველოში შეჭრის, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შეჭრის წინ გამოიყენა.

"დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და აშშ დაადანაშაულა "პროვოკაციების ჩადენის" დაგეგმვაში, დონბასის რეგიონში უკრაინისთვის "გაურკვეველი ნივთიერების ავზების" მიწოდებით. ეს პირდაპირ რუსეთის კარგად აღწერილი სახელმძღვანელოდანაა, მასში შედი უკრაინასა და საქართველოში წინა შეჭრებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში დეზინფორმაციული სპეცოპერაციები, სირიის ჩათვლით, სადაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დასაცავად", – თქვა ნედ პრაისმა.

საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ, ჯენ ფსაკიმ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გააფრთხილა, როდესაც ისაუბრა ფაქტების შესაძლო ფაბრიკაციაზე.

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში", – ამბობდა ფსაკი.

ამჟამინდელი მოვლენების პარალელურად, რუსეთის დუმის მიერ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების 15 თებერვლის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის გაგზავნილია. პუტინს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, იქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლური მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გაჰყავთ სამხედროების ნაწილები, რომლებმაც სამხედრო წვრთნები დაასრულეს. თუმცა დეესკალაციის შესაძლებლობას დასავლეთში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას და დასამტკიცებლად ვლადიმირ პუტინს მიმართა. ჯერჯერობით პუტინი ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებენ.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები