დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებაზე: პირველ რიგში, მინსკის შეთანხმებით ვიმოქმედებთ

ვლადიმირ პუტინი

მოსკოვში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებაზე თქვა, რომ დონბასის პრობლემის გადაჭრა უპირველესყოვლისა მინსკის შეთანხმებით უნდა ცადონ.

"ჩვენ და მე ვიმოქმედებ იქედან გამომდინარე, რომ დონბასის პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ისე გაკეთდეს, როგორც ბატონმა [გერმანიის] ფედერალურმა კანცლერმა თქვა, პირველ რიგში გამომდინარე მინსკის შეთანხმების შესრულების არასრულად რეალიზებული შესაძლებლობებიდან", – თქვა პუტინმა. 

აქამდე, დუმის დეპუტატებმა 15 თებერვალს მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმი პუტინს მიმართეს. 

გადაწყვეტილებას მხარი 351 დეპუტატმა დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამასთანავე დუმამ მხარი არ დაუჭირა დადგენილების ალტერნატიულ პროექტს, რომლის მიხედვითაც მიმართვის ტექსტი კონსულტაციებისთვის ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადაეგზავნათ.

რუსეთის დუმის გამოთქმულ მხარდაჭერამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო და დე-იურე დატოვებს მინსკის შეთანხმებას.

მინსკის შეთანხმება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით ყოფნას ითვალისწინებს.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები