დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლო სცენარები და მიმართულებები

“ხიშტებით ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათზე დაჯდომის გარდა” - შარლ მორის დე ტალეირანი

დასავლეთის ყურადღება ამჟამად მიპყრობილია უკრაინის საზღვრებისკენ, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ თავმოყრას. ბოლო ცნობებით აქ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. მობილიზებულია ჯავშანტექნიკა, არტილერია და მცირე მანძილის სარაკეტო სისტემებიც. არსებობს შიში, რომ კრემლი ფართომასშტაბური ომისთვის ემზადება. სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს რუსეთსა და NATO-ს შორის დაპირისპირების გაფართოება.

ესკალაციის შემთხვევაში არსებობს მრავალი სავარაუდო სცენარი რა მიმართულებებიდან შეიჭრება რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე. სანამ შესაძლო სამხედრო მოქმედებათა აღწერაზე გადავალთ, საჭიროა იმის ვიზუალიზაცია, რუსეთის რამდენი და რა ტიპის სამხედრო ნაწილია განლაგებული უკრაინის საზღვართან.

ამერიკული სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის, Institute for the Study of War-ის (ISW) 25 იანვრის ინფორმაციით რუსეთის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან შემდეგნაირად გამოიყურება: 

უკრაინა-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვართან მობილიზებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ბატალიონის 10 ტაქტიკური ჯგუფი, აქედან 7 იელნიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქიდან არის დისლოცირებული, 3 კი ბრიანსკშია განლაგებული; უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქი კურსკის მახლობლად განლაგებულია ბატალიონის 2 ტაქტიკური ჯგუფი; ჯამში უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მზადყოფნაშია ბატალიონის 17 ტაქტიკური ჯგუფი, პოგონოვოში მყოფი 5 მათგანი გადმოსროლილია მოსკოვიდან, დანარჩენი 12 ტაქტიკური ჯგუფი განაწილებულია ვორონეჟსა და ბელგოროდში; სამხრეთ-აღმოსავლეთით, დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად, რუსეთს როსტოვში განლაგებული ჰყავს ბატალიონის მინიმუმ 12 ტაქტიკური ჯგუფი; 11-12 ტაქტიკური ჯგუფია მზადყოფნაში ოკუპირებულ ყირიმშიც. ამას გარდა მხედველობაშია მისაღები უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში მყოფი 3 რუსული ბატალიონი, ასევე პოტენციური დამატებითი ძალები რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან, რომლებიც საკუთარ მუდმივ პოზიციებზე არიან განლაგებული და, რაც მთავარია, ბელარუსის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქიდან გადატყორცნილი ბატალიონის მინიმუმ 10 ტაქტიკური ჯგუფი.

უკრაინის გარშემო, ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე, 60 BTG არის განლაგებული, მაშინ, როცა 2021 წლის ნოემბერში 40 იყო

რაც შეეხება ფართომასშტაბური ომის სცენარსა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზნებსა და მიმართულებებს, ამ საკითხთა დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, Center for Strategic & International Studies-მა (CSIS).

CSIS-ის ანგარიშში გამოყოფილია რუსეთის 6 სამხედრო არჩევანი:

  • თუ დასავლეთთან მოლაპარაკებები რუსეთის სასარგებლოდ წავა, უკრაინის საზღვრებთან დისლოცირებული სამხედროების ნაწილი უკან დაბრუნდება, თუმცა, პარალელურად, დონბასელი სეპარატისტებისთვის დახმარება გაგრძელდება;
  • რუსული ჯარების, როგორც კონვენციური სამხედროების სეპარატისტულ რეგიონებში “მშვიდობისმყოფელებად” გაგზავნა და უარის თქმა მათ გაყვანაზე მანამ, სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვის სასარგებლოდ და კიევის მიერ მინსკის შეთანხმების შესრულებით არ დასრულდება;
  • აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრა და ტერიტორიების მდინარე დნეპრის ნაპირებამდე დაკავება, შემდეგში ამ მიწების დასავლეთთან და კიევთან ვაჭრობისთვის გამოყენება ან მათი შეერთება;
  • ტერიტორიის დაკავება არა მხოლოდ მდინარე დნეპრის ნაპირამდე, არამედ დამატებით სამხრეთ მიწების, უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელი ტერიტორიების მითვისება და დაკავშირება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან, სადაც რუსეთს საკუთარი ჯარის ნაწილები ჰყავს. ეს სცენარი სრულიად დაასუსტებს უკრაინის ეკონომიკას, რადგან ის ზღვაზე გასასვლელის გარეშე დარჩება;
  • მხოლოდ რუსეთსა და დნესტრისპირეთს შორის მყოფი შავ ზღვაზე გამავალი ტერიტორიის მითვისება, შედეგად სამი მნიშვნელოვანი ქალაქის, მარიუპოლის, ხერსონისა და ოდესას დაკავება. ამ სცენარითაც უკრაინა რჩება ზღვაზე გასასვლელის გარეშე, რუსეთი კი იღებს ყირიმის სუფთა წყლის მომარაგებისთვის საჭირო ტერიტორიას, ხერსონის მახლობლად;
  • მთელი უკრაინის დაპყრობა და ახალი სლავური კავშირის გამოცხადება, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ველიკარუსები (დიდი რუსები - რუსები); მალარუსები (პატარა რუსები - უკრაინელები) და ბელარუსები, ანუ თეთრი რუსები. 

სცენარების გარდა, CSIS-ის ანგარიშში საუბარია უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამ შესაძლო მიმართულებაზე. პირველი ჩრდილოეთის მიმართულება, რომლის განვითარებასაც კიდევ რამდენიმე ალტერნატივა აქვს. პირველ შემთხვევაში, რუსული ძალები კიევის მიმართულებით დაიძვრებიან ნოვიე იურკოვიჩიდან, ჩერნიგოვის გავლით. ჩრდილოეთის მიმართულების ალტერნატიული თავდასხმა შესაძლოა დაიწყოს რუსეთის ტერიტორიიდან, ტროებორტნოედან უკრაინული ქალაქის, კონოტოპის მიმართულებით, აქედან კი ქალაქი ნიჟინის გავლით რუსული ძალები კიევამდე მივიდნენ. შესაძლოა, თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდანაც, მაზური-კოროსტენი-კიევის მიმართულებით. ეს მიმართულებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 240-320 კილომეტრის მანძილის გავლას გულისხმობს.

თავდასხმის შემდეგი შესაძლებლობა არის ცენტრალური მიმართულება. ეს თავდასხმა შეიძლება დაიწყოს ბელგოროდიდან ჯერ ხარკოვის, შემდეგ პოლტავას, ბოლოს კი მდინარე დნეპრის ნაპირთან, ქალაქ კრემენჩუკში დასრულდეს. ასე რუსეთის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 240 კილომეტრს გაივლიან. ცენტრალური მიმართულების ფარგლებში რუსეთმა შესაძლოა ერთდროულად ორი მიმართულებით, დონეცკიდან დაიწყოს სვლა, ჯარის ერთი ნაწილი დაიძრას ზაპოროჟიისკენ, მეორე კი დნეპრისკენ. თითო ეს გზა დაახლოებით 225 კილომეტრს შეადგენს. მესამე შესაძლო ვარიანტი არის რუსი ჯარისკაცების შეჭრა შავი ზღვის სანაპიროს, მარიუპოლი-ბერდიანსკი-მერიტოპოლის გავლით, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება სვლის გაგრძელება პერეკოპის ყელის მიმართულებით, რის შემდეგაც ყირიმი რუსეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდება, თუ ამ ტერიტორიების ოკუპაციას შეძლებენ.

დაბოლოს, სამხრეთის მიმართულება - შეტევა ყირიმის ტერიტორიიდან, კერძოდ პერეკოპის ყელიდან, ორი სხვადასხვა შესაძლო კურსით. თუ რუსეთის ძალები ხერსონისკენ დაიძრებიან და დაიკავებენ ამ ქალაქს, ხელთ იგდებენ ყირიმის წყალმომარაგებისთვის საჭირო პუნქტს. მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, მერიტოპოლის მიმართულებით დაძვრა და აზოვის ზღვის ნაპირებთან მომავალ რუსულ ძალებთან გაერთიანება. CSIS-ის ომის 6 სცენარიდან რუსეთს მე-5 სცენარის განსახორციელებლად სწორედ ამ მიმართულების არჩევა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ როგორც CSIS-ის ანგარიშშია ნათქვამი, მექანიზებული თავდასხმები არც ისე სწრაფია, როგოც ამას თავდამსხმელები იმედოვნებენ ხოლმე. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება ისტორიაში ჯავშანტექნიკის გადაადგილების ორი უსწრაფესი შემთხვევა: პირველი, 1940 წლის მაისი, როცა ნაცისტური გერმანიის გენერალმა, ჰაინც გუდერიანმა არდენების მაღლობის გავლით ქალაქი დიუნკერკი აიღო და მეორე, 2003 წელი, როდესაც ქუვეითიდან აშშ-სა და მისი მოკავშირე კოალიციური ჯარები ერაყში შეიჭრნენ და ბაღდადისკენ დაიძრნენ. ორივე შემთხვევაში ჯავშანტექნია დღეში საშუალოდ 32 კილომეტრით მიიწევდა წინ. თუ რუსეთი უკრაინაში ელვისებურად შეჭრას გადაწყვეტს, ზამთარში მათი ჯავშანტექნიკის გადაადგილებას საგრძნობლად შეამცირებს ცუდი ამინდი და დღის სინათლის ნაკლებობა.

რაც შეეხება CSIS-ის სცენარებს, უნდა გამოვყოთ მე-6 პუნქტი, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით, ფიზიკურად თითქმის შეუძლებელი უნდა იყოს. რუსეთისთვის არ იქნება მარტივი მთელი უკრაინის დაპყრობა. თუნდაც თავდაპირველი ოპერაციები სამხედრო უპირატესობის ხარჯზე წარმატებით შეასრულონ, უკრაინაში აუცილებლად დაიწყება პარტიზანული მოძრაობები, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ამას ისტორიული გამოცდილებაც უმყარებს ზურგს. მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ სტეპან ბანდერას უკრაინელ ნაციონალისტთა მოძრაობისა (ОУН) და უკრაინის მეამბოხეთა არმიის (УПА) სახით. ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა ამჟამად არ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მსგავსი ფართომასშტაბური ოპერაცია გრძელ ვადაში წარმატებით შეასრულოს და ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამაყროს. თანაც, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის დახმარებაც, რასაც უკრაინელი პარტიზანები დასავლეთისგან მიიღებენ. ამ სცენარით რუსეთი მხოლოდ საკუთარ თავს გამოუთხრის ძირს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის შესაძლოა, დიდი სისხლისღვრის გამო, ახალი ჩეჩნეთის ომად იქცეს. “უკრაინაში რამდეჯერმე ვარ ნამყოფი, ცოტათი ვიცნობ ამ ქვეყნის ხალხს და ჩემი შეფასებით, ისინი იბრძოლებენ”, - ასევე აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

ჩეჩნეთის ომის მაგალითი მართლაც მნიშვნელოვანია. მარტივი არ იქნება მოსახლეობის ისეთი რაოდენობით დასახლებული ქალაქების აღება, როგორიცაა მაგალითად 3-მილიონიანი კიევი, 1.5-მილიონიანი ხარკოვი, მილიონიანი ოდესა, თუ ასევე მილიონიანი დნეპრი. რუსეთმა წარსული გამოცდილებიდან იცის, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ურბანული ომი, ანუ დაპირისპირება ქალაქის ქუჩებში. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 400 000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქალაქი გროზნის სრულად ასაღებად დასჭირდათ 6 კვირა, 1994 წლის 31 დეკემბრიდან, 1995 წლის 9 თებერვლამდე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მას შემდეგ ბევრად გაძლიერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც უკრაინის არმიაა ისეთივე სუსტი, როგორიც ის 2014 წელს იყო. თუ კრემლი სრულ წინსვლას გადაწყვეტს, მათთვის, შესაძლოა, უმჯობესი იყოს დიდი ქალაქებისთვის გვერდის ავლა და მათ ასაღებად მოგვიანებით მიბრუნება. თუმცა, ეს ზოგიერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, მაგალითად ხარკოვის (გზებისა და რკინიგზების მთავარი კვანძი) შემთხვევაში ნაკლებად იქნება შესაძლებელი.

 

ამას გარდა, როგორც უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა the Atlantic Council-ის ონლაინ სემინარზე თქვა, რუსეთს მსგავსი ოპერაციისთვის უკრაინის საზღვრებთან საკმარისი ძალები არ ჰყავს, თუმცა, მან დაამატა, რომ აგრესიის საფრთხე მაინც არსებობს. “მომდევნო რამდენიმე კვირაში ისინი ამ ტიპის ოპერაციისთვის მზად ვერ იქნებიან. ამისთვის მზად, შესაძლოა, დაახლოებით 1 თვეში იყვნენ. ეს ემთხვევა კიდევ ერთ თარიღს, რომელიც არის 25 თებერვალი - რუსეთ-ბელარუსის წვრთნების დასრულების დღეს. ეს არის დაახლოებით ის დრო, როცა გვგონია, რომ მზად იქნებიან”, - თქვა ზაგოროდნიუკმა 25 იანვარს. 

ამას გარდა, უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს მსგავს გარემოებებში არ აქვს ერთი კონკრეტული მიზანი, არამედ აქვს სხვადასხვა სტრატეგია და გეგმებს გარემოებების შესაბამისად ცვლის. ზაგოროდნიუკის თქმით, ყველაზე რეალური სცენარი რუსეთის მიერ აღმოსავლეთში დიდი პროვოკაციების მოწყობა იქნება, რასაც ელიან კიდეც, ასევე, შესაძლოა, საზღვაო თავდასხმა შავი ზღვიდან. 

The Atlantic Council-ის ზემოხსნებულ ღონისძიებაზევე ისაუბრა ამერიკელმა ვიცეპოლკოვნიკმა, ტაისონ კ. ვეტცელმაც, რომელიც დაეთანხმა ზაგოროდნიუკის მოსაზრებას, რომ რუსეთს ამ ეტაპზე უკრაინის სრული დაპყრობისთვის საკმარისი ძალები არ ჰყავს მობილიზებული. მისი აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მთავარი მიზანი არის უკრაინის ტერიტორიის დაკავება იმისთვის, რომ NATO-ს სისუსტე წარმოაჩინოს. ვიცეპოლკოვნიკის თქმით, ფაქტი, რომ რუსეთს საკუთარი ძალები სამ ფლანგზე ჰყავს განაწილებული, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ისინი კიევის აღებას არ უნდა გეგმავდნენ. ვეტცელის თქმით, ამის ნაცვლად შეიძლება ვიხილოთ რუსული ჯარების კიევისკენ დაძვრა და გარკვეული ტერიტორიების მიტაცება, თუმცა, არა დედაქალაქის აღება. ვეტცელი არ გამორიცხავს მცირე საზღვაო თავდასხმასაც ოდესის მიმართულებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ რეალური, დიდი საზღვაო თავდასხმისთვის რუსეთი მზად არ არის და ისტორიული გამოცდილებიდან ჩანს, რომ მსგავს სადესანტო ოპერაციებს დიდი მსხვერპლი მოსდევს. ამერიკელმა ვიცეპოლკონიკმა აღნიშნა, რომ მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის მთავრობას და კითხვები გაჩნდეს მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. “გეთანხმებით, რომ მათ ახლა არ აქვთ საკმარისი ძალა ქვეყნის დასაპყრობად და შესანარჩუნებლად, [თუმცა] ვფიქრობ, შეუძლიათ პატარა ტერიტორიების დაკავება პოლიტიკური მიზნებისთვის”, - აღნიშნა ვეტცელმა.

უკრაინაში რუსეთის მოქმედებების მეორე სავარაუდო ფაზა, თუ კრემლი უკრაინის სრულად დაკავებას გადაწყვეტს

საინტერესოა უკრაინის შავიზღვისპირეთის დაკავების სცენარი. თუ კრემლი ამას ეცდება და მიზანს მიაღწევს, ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა უკრაინის ეკონომიკისთვის, რადგან დაიკარგება ისეთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები, როგორიცაა მარიუპოლი და ოდესა. ამას გარდა, რუსეთი შავ ზღვაზე პრაქტიკულად სრული ჰეგემონი გახდება. თუმცა, სამხრეთის მიმართულების გამოყენებას და სანაპიროების დაკავებას რუსეთისთვის ერთი გარემოება ართულებს. ეს ტერიტორია და მათი ძალებისთვის ხელსაყრელი გადაადგილების კურსი დაშორებულია მთავარ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. ეს რუსული ჯარისთვის დიდ პრობლემას ქმნის, რადგან მათი ლოჯისტიკური ძალები არაა გათვლილი ფართომასშტაბიანი ომის წარმოებისთვის, თუ ისინი შორს არიან რკინიგზისგან. შეიძლება ითქვას, რომ რკინიგზა რუსი სამხედროების მომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა.

კვლევითი ინსტიტუტების თეორიებს თავი რომ დავანებოთ, არანაკლებ საინტერესო სცენარი 22 იანვარს ოფიციალურად გააჟღერა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს, უკრაინაში შეჭრასა და ოკუპაციაზე ფიქრის პარალელურად, სურს კიევში მოიყვანოს პრორუსი ლიდერი. შესაძლო კანდიდატად განიხილება უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, იევგენ მურაიევი”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამის შემდეგ, დაიწყო საუბარი ბლიცკრიგის, ანუ ელვისებური ომის შესაძლო გეგმაზე. “დაზვერვის ინფორმაცია ცხადია, რომ უკრაინის საზღვრებთან 60 რუსული საბრძოლო ჯგუფია. ელვისებური ომის გეგმას, რომლითაც შეიძლება კიევი აიღონ, ყველა ხედავს”, - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

“მათ (რუსებს) შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც 2014 წელს ყირიმში გააკეთეს, როცა ყირიმი ხელში ჩაიგდეს. მათ მმართველად დასვეს გობლინი, თუ სწორად მახსოვს, [სერგეი] აკსიონოვი ჰქვია. ის წვრილფეხა კრიმინალი იყო, ასე მიიღო ეს მშვენიერი მეტსახელი. მურაიევი მთლად მისი მსგავსი არაა, თუმცა მაინც საკმაოდ ცუდია. ის და იანუკოვიჩის სხვა თაღლითები, ვინც [ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში] დაასახელეს, უკრაინაში აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან. რუსულ ხიშტებს მათი სათავეში მოყვანა შეუძლიათ, მაგრამ ტალეირანი ამბობდა, ხიშტებით ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათზე დაჯდომის გარდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპაციას ვერ გააკონტროლებ, თუ ქვეყნის მოსახლეობა შენს მხარეს არაა. ასე რომ, მოსკოვს შეუძლია ეს სამხედრო თავდასხმით გააკეთოს, მაგრამ შეექმნებათ პრობლემები ოკუპაციასთან დაკავშირებით”, - თქვა the Atlantic Council-ის ონლაის სემინარზე უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ჯონ ჰერბსტმა კიევში პრორუსული გადატრიალების სცენართან დაკავშირებით. 

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის განვითარების თავისებურად ხატავს the Institute for the Study of War-ის ანგარიშიც. მის მიხედვით: ამ ზამთარში რუსეთი უკრაინაში არ დაიწყებს სრულმასშტაბიან მექანიზებულ თავდასხმას; არსებობს გაზრდილი ალბათობა, რომ რუსეთის მექანიზებული ძალები დონბასის ოკუპირებულ რეგიონში ღიად გადაინაცვლებენ; რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა დაიწყოს საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები, დონბასში ძალების ღიად გადაყვანის პარალელურად; რუსეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დონბასიდან შეჭრა სხვადასხვა მიმართულებებით, ან/და ყირიმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წინსვლა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას ნაკლებად სავარაუდო სცენარად მიიჩნევენ უკრაინაშიც. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას უკვე რამდენჯერმა მოუწოდა, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან პანიკის მიზეზი არ არსებობს. მისი თქმით, უკრაინა ამ სიტუაციაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მუდმივად იყო. საინტერესოა იაპონიაში უკრაინის ელჩის, სერგიი კორსუნსკის სიტყვებიც: “მიმაჩნია, რომ სრულმასშტაბიანი ომი ძალიან, ძალიან, ძალიან რთულად წარმოსადგენია. ალბათ უფრო მეტად ლოკალურ კონფლიქტს ვიხილავთ”. ელჩის ნათქვამიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ უფრო დიდი ალბათობით რუსეთი შეეცდება მოაწყოს პროვოკაციები დონბასის სეპარატისტულ რეგიონებში. ამას გარდა, ყურადღებას იმსახურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის სიტყვებიც: “ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლელი პარტნიორები, რომ კრემლის სამიზნე უკრაინა იმდენად არაა, რამდენადაც NATO-სა და ევროკავშირის გახლეჩვა”.

ესკალაციის ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, შემდეგნაირად იმოქმედებენ: მას შემდეგ, რაც ისინი ომის საბაბს გამონახავენ, დაიწყება კიბერთავდასხმები უკრაინის სამხედრო სარდლობისა და კონტროლის სისტემებზე, საზოგადოებრივ კომუნიკაციებსა და ელექტროქსელებზე. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიწყება საჰაერო და სარაკეტო იერიშები უკრაინის საჰაერო ძალებსა და ანტისაჰაერო სისტემებზე. საჰაერო სივრცეზე კონტროლის დამყარებას მოჰყვება მექანიზებული ძალების გააქტიურება, ჯავშანტექნიკა და მედესანტეები დაიწყებენ წინსვლას. აქამდე ცოტა ხნით ადრე კი ჩატარდება სპეციალური ოპერაციები სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობების დასაქვეითებლად და რეზერვისტების მობილიზაციის შესაფერხებლად. ამისთვის რუსეთის ძალები დაბომბავენ კონკრეტულ ობიექტებს, დაიწყებენ კონკრეტული პირების მკვლელობებს და მოაწყობენ საბოტაჟებს.

რუსული БМП-3-ები რუსეთში, როსტოვის რეგიონში, 2021 წლის 10 დეკემბერი
სერგეი პივოვაროვი/Reuters

ასეა თუ ისე, სიტუაცია უკრაინის საზღვრებთან კვლავ დაძაბული რჩება. მოსკოვმა ასეთი გარემოს შექმნით მოსაზღვრე ქვეყანას უკვე შეუქმნა ეკონომიკური პრობლემები და კაპიტალისგან მისი ნაკლებად შესამჩნევი გამოფიტვა დაიწყო. ომის მოლოდინი უკრაინაში უცხოური ინვესტიციებისთვის დიდი საფრთხობელაა, რაც კონფლიქტის გარეშეც ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკას. 

ამჟამად ვლადიმირ პუტინს გადაწყვეტილიც რომ არ ჰქონდეს უკრაინაში ქმედების საბოლოო გეგმა, ფაქტი, რომ საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა გაძლიერებულია, საკმარისი მიზეზია მზარდი დაძაბულობისთვის. მსგავს ვითარებაში ნებისმიერი ქმედების არასწორი ინტერპრეტაცია შესაძლოა მომენტალურად გადაიზარდოს ომში. შესაძლოა, კრემლში სწორედ ამას ელიან კიდეც, შესაძლოა, ელიან Casus belli-ს - მოვლენას, რომელიც ომის დაწყების საბაბი გახდება

კომენტარები