დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ისევ მაღალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა მაღალია. 

"შეჭრა კვლავ შესაძლებელი რჩება, სწორედ ამიტომ რამდენიმეჯერ მივმართე ყველა იმ ამერიკელს, ვინც უკრაინაშია, რომ ქვეყანა დატოვონ ახლა, სანამ ეს უსაფრთხოა. ამის გამოა, რომ ჩვენი საელჩო დროებით გადავიტანეთ კიევიდან დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან ახლოს". - ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი. 

ბაიდენი ასევე შეეხო რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო წვრთნების დასრულებასთან მიახლოების პარალელურად რუსეთის სამხედრო ნაწილები მუდმივ დისლოკაციებზე დასაბრუნებლად ემზადებიან. პრეზიდენტის განმარტებით, ეს თავისთავად კარგი ამბავია, თუმცა ჯერ არ დასტურდება, რომ ის სიმართლეს შეესაბამება. 

"[რუსეთის სამხედრო ძალების მიერ] ტერიტორიის დატოვება კარგი იქნება, თუმცა ჯერ ჩვენ ეს არ დაგვიდასტურებია. ჯერ ჩვენ არ დაგვიზუსტებია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები საკუთარ ბაზებს უბრუნდებიან". - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა. 

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამერიკა საკუთარი მიდგომის ერთგული რჩება - აგრძელებს დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებას, თუმცა მზადაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უპასუხოს მის აგრესიას. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფრისთვის მზადაა: ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის, ვაწარმოოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროპაში. და ჩვენ მზად ვართ დაბეჯითებით ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ისევ მაღალია. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ეს იყო ჩვენი მიდგომა და არ იცვლება.". - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა. 


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები