დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ

რუსეთის სამხედრო მობილიზება ოკუპირებულ ყირიმში
2022 Maxar Technologies/Handout via REUTERS

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. მან ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა, უახლოეს 48 საათში დატოვონ უკრაინა და ისინი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას ვეღარ შეძლებს. 

"უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახლა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრით მოითხოვს.

თუკი დარჩებით, საკუთარ თავზე იღებთ რისკს, რომ არ იქნება არავითარი გარანტია, რომ იარსებებს სხვა შესაძლებლობა ქვეყნის დასატოვებლად ან ამერიკული სამხედრო საევაკუაციო მისია რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. თუკი რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას დაიწყებს, დიდი ალბათობით, ეს დაიწყება საჰაერო დაბომბვითა და სარაკეტო თავდასხმებით, რაც აუცილებლად შეიწირავს სამოქალაქო პირებს მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. შემდგომი სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში მასობრივი სამხედრო ძალის თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იქნება, გაითიშება კომუნიკაციები და შეწყდება კომერციული ტრანზიტი. 

ვერავინ იქნება საჰაერო, თუ სარკინიგზო მგზავრობის იმედად მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაცია დაიწყება. ისევ, მე არ ვდგავარ და არ ვამბობ, რა მოხდება, ან არ მოხდება, უბრალოდ, ვამბობ, რომ რისკი საკმარისად მაღალია და საფრთხე იმდენად მყისიერი, რომ საღი აზრი მოითხოვს, რომ ახლავე დატოვოთ ქვეყანა. პრეზიდენტი არ ჩააგდებს ამერიკელი სამხედროების სიცოცხლეს რისკის ქვეშ, რათა ისინი გაგზავნოს იმათ დასახმარებლად, ვისაც ახლა შეუძლია, დატოვოს ქვეყანა, მაგრამ დარჩენას არჩევს". – თქვა ჯეიკ სალივანმა. 

უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმაც მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიფინგზე გაიმეორა ჯეკ სალივანის ნათქვამი, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ წამს" შეიძლება შეიჭრას. 

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე უოლესმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მოქმედებები "ნორმალური არ არის". უოლესმა ასევე თქვა, რომ მან კრემლისგან მიიღო გარანტია, რომ შეჭრა არ იგეგმება, თუმცა, უკრაინის საზღვრებთან 130 000 რუსი სამხედროს მობილიზაციის ფონზე ეს გარანტია რუსეთის ქმედებების მიხედვით განისჯება. 

"ამ დროისთვის 130 000-ზე მეტი სამხედრო არის მზადყოფნაში ან წვრთნაში, პლუს სამხედრო თვითმფრინავები, პლუს შავ ზღვაში, უკრაინის საზღვრებთან გემები და ასეთი ქმედება ნორმალური არ არის". – თქვა უოლესმა. 


11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან კვლავ შეინიშნება განგრძობადი ესკალაციის ნიშნები, რაც მათ შორის გამოიხატება საზღვრებთან ახალი ძალების მობილიზებით. 

"როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეჭრა შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ წამს, როგორც კი ვლადიმირ პუტინი ბრძანებას გასცემს. კომენტარს არ გავაკეთებ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე, მაგრამ მინდა, რომ ცხადად ვთქვა, რომ შეჭრა შეიძლება, მოხდეს ოლიმპიადის დროს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს შეიძლება, მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყოს". – თქვა სალივანმა. 

ჟურნალისტების კითხვების პასუხად, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა რამდენჯერმე უარყო ამერიკულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეჭრის ბრძანება პუტინის მიერ უკვე გაცემულია და არმიისთვის გადაცემული. 

ჯეიკ სალივანის თქმით, ორივე შემთხვევაში აშშ მზად არის პასუხისთვის რუსეთის მიერ ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში, იქნება ეს დიპლომატიის შენარჩუნება, თუ უკრაინაში შეჭრა. მისივე ცნობით, პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკვანძო მოკავშირეებს უსაფრთხო ვიდეო კონფერენციის ხაზით ესაუბრა. 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები