დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსული მედია: რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს

ria.ru

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს. რია ნოვოსტის ცნობით, წყაროს ინფრომაციით, საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. 

"უკრაინის მოქალაქეების თქმით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულო წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნება საკონსულოებსა და საელჩოებში შეხვედრის დროს".- ამბობს წყარო. 

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. მან ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდა, უახლოეს 48 საათში დატოვონ უკრაინა და ისინი გააფრთხილა, რომ შეჭრის შემთხვევაში, აშშ მათ დახმარებას ვეღარ შეძლებს. 

უკრაინის დატოვებისკენ საკუთარ მოქალაქეებს დიდმა ბრიტანეთმაც მოუწოდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა ბრიფინგზე გაიმეორა ჯეკ სალივანის ნათქვამი, რომ რუსეთი უკრაინაში "ნებისმიერ წამს" შეიძლება შეიჭრას. 


11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან კვლავ შეინიშნება განგრძობადი ესკალაციის ნიშნები, რაც მათ შორის გამოიხატება საზღვრებთან ახალი ძალების მობილიზებით. 

ჟურნალისტების კითხვების პასუხად, აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა რამდენჯერმე უარყო ამერიკულ მედიაში წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეჭრის ბრძანება პუტინის მიერ უკვე გაცემულია და არმიისთვის გადაცემული. 

ჯეიკ სალივანის თქმით, ორივე შემთხვევაში აშშ მზად არის პასუხისთვის რუსეთის მიერ ნებისმიერი გზის არჩევის შემთხვევაში, იქნება ეს დიპლომატიის შენარჩუნება, თუ უკრაინაში შეჭრა. მისივე ცნობით, პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკვანძო მოკავშირეებს უსაფრთხო ვიდეო კონფერენციის ხაზით ესაუბრა. 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები