დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

CNN: აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად ოპერაციას ამზადებს

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. მათივე ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს ოფიციალურმა პირმა მიაწოდათ.  

მისივე ინფორმაციით, აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ძალები გეგმავენ, საბოტაჟი მოაწყონ იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც მხარს თავად რუსეთი უჭერს.  

CNN-ის ცნობითვე, წყაროს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".  

"რუსეთის სამხედრო ძალები გეგმავენ, ოპერაცია დაიწყონ რამდენიმე კვირით ადრე შეჭრამდე, რომელიც, შესაძლოა, იანვრისა და თებერვლის შუა რიცხვებს შორის განხორციელდეს. ეს სცენარი 2014 წელს ყირიმში ვნახეთ". - ამბობს CNN-ის წყარო. 

აშშ ასევე ხედავს, რომ რუსეთში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინაში ადამიანის უფლებები უარესდება, ასევე, აღნიშნავენ უკრაინელი ლიდერების გაზრდილ სამხედრო განწყობას. 

"დეკემბრის განმავლობაში სოციალურ ქსელში რუსულენოვანი მასალა ამ ნარატივებთან დაკავშირებით დღეში, დაახლოებით, 3 500 პოსტამდე გაიზარდა, რაც ნოემბერთან შედარებით 200%-იანი ზრდაა". - ამბობს CNN-ის წყარო.  

"გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს". - 14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა - ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები.  


უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების თავმოყრის გამო აშშ რუსეთს უპრეცედენტო, მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოშეხვედრა 2021 წლის 7 დეკემბერს გამართა. შეხვედრაზე ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში  რუსეთს ძლიერი ზომებით უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და რუსეთისთვის ეკონომიკური შედეგები დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები