NATO-რუსეთი

სტოლტენბერგი: მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნას ეხმაურება, გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს.  

NATO-ს ურთიერთობას უკრაინასთან NATO-ს 30 მოკავშირე და უკრაინა გადაწყვეტს, არავინ სხვა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს გავლენის სფეროები აქვთ, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები". - ამბობს სტოლტენბერგი.  

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.  

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას, საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები