დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს. ასევე, ვიცე-პრემიერს, მარატ ხუსნულინს.

მინისტრების გარდა, სანქციები დაუწესეს კრემლის პროპაგანდისტებს, პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას. 

ასევე, ახალ სანქცირებულ პირთა სიაში არის ანდრეი კოსტინი, VTB ბანკის აღმასრულებელი დირექტორი.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებერვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები