რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს მოიცავს.
რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
რუსეთის მოთხოვნები პირველი დოკუმენტის მიხედვით შემდეგია:
- გამოირიცხოს NATO-ს მომავალი გაფართოება და ალიანსში უკრაინის გაწევრიანება;
- არ განთავსდეს დამატებითი სამხედროები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც [ეს შეიარაღება] 1997 წლის მაისისთვის იყო (სანამ ალიანსს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდებოდნენ), იმ გამონაკლისების გარდა, რომლებზეც რუსეთი, აშშ და NATO-ს წევრები შეთანხმდებიან.
- უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე;
- არ განთავსდეს საშუალო და მცირე მანძილი რაკეტები იქ, საიდანაც სხვა მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
- შეთანხმებულ სასაზღვრო ზონებში არ ჩატარდეს სწავლებები და სხვა ქმედებები ბრიგადის შემადგენლობაზე დიდი რაოდენობით, რეგულარულად მიმოიცვლებოდეს ინფორმაცია სამხედრო სწავლებების შესახებ;
- დამტკიცდეს, რომ მხარეები ერთმანეთს არ უყურებენ როგორც მეტოქეებს, გაამტკიცონ შეთანხმებულობა, ყველა დავა გადაჭრან მშვიდობიანად და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან;
- აიღონ ვალდებულება, რომ არ შექმნან პირობები, რომელიც მეორე მხარის მიერ საფრთხედ იქნას შეფასებული;
- საგანგებო კონტაქტებისთვის შეიქმნას ცხელი ხაზები.
რუსეთი მის პირობებზე მხარეების ხელმოწერას ელის. მათი თქმით, შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ხელმომწერთა ნახევარზე მეტი თანხმობას გამოაცხადებს. ასევე, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ხელმომწერს შეთანხმების დატოვება წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე შეეძლება და მას განცხადებიდან 30 დღის შემდეგ ფატოვებს.
რუსეთის მოთხოვნები მეორე ნაწილისგანაც შედგება, რომელიც აშშ-ს მიემართება:
- არ განლაგდეს შეიარაღება და ძალები იმ რაიონებში, სადაც ეს მეორე მხარის მიერ მიღებული იქნება როგორც საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის;
- თავი შეიკავონ ბირთვული და არაბირთვული მძიმე ბომდამშენების ფრენისგან საკუთარი ცის გარეთ, საიდანაც მათ შეეძლებათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა;
- თავი შეიკავონ სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნულ წყლებს გარეთ, საიდანაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა;
- არ განთავსდეს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტები საზღვრებს გარეთ და იმ რაიონებში, საიდანაც მათ შეეძლებათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმა;
- არ განთავსდეს ბირთვული იარაღი საზღვრებს გარეთ და დაბრუნდეს უკან უკვე განთავსებული, ასევე მოხდეს არასაკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განადგურება;
- არ ჩატარდეს სამხედრო სწავლებები ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარით და არ მოხდეს არაბირთვული ქვეყნების ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მომზადება;
- აშშ ვალდებულია გამორიცხოს NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოება და უარი თქვას ალიანსში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე;
- აშშ-მ უნდა აიღოს ვალდებულება, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ დაამყაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.
აქამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს, უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ევროპარლამენტარებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საუბარია რუსეთისთვის დასაწესებელ შესაძლო სანქციებზე.
11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.