დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს

"რუსეთმა ისწავლა, რომ თუ რამეს პოლიტიკურად ვერ გააკეთებს, სამხედრო ძალით იზამს"

უკრაინის საზღვრებთან რუსულმა ძალებმა უჩვეულო გადაადგილება და თავმოყრა ბოლო თვეა რაც განაახლეს. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. მაგალითისთვის, როგორც კერძო ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოებიდან ასკვნიან, ზაპად 2021-ის წვრთნების შემდეგ, რუსეთის 41-ე გაერთიანებული არმია არ დაბრუნებულა საკუთარი ჩვეული დისლოკაციის ადგილზე, ციმბირში, ნოვოსიბირსკში და ისინი უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩნენ. 

მსგავსი სიტუაცია ამავე წლის აპრილშიც შეიქმნა, თუმცა, მაშინ რუსეთი უჩვეულო სამხედრო აქტიურობასა და გადაადგილებას წვრთნებით ამართლებდა. ახლა კი სამხედრო ვარჯიშების კონტექსტიც კი არ არსებობს, რაც დასავლეთში მოსკოვის მიერ კიევის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შიშს აჩენს. 

როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, მოსკოვი უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის ბოლოსთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის გეგმავს, რასაც წინ გაუძღვება კრემლის ორკესტრირებული სამოქალაქო არეულობები. საინტერესოა, რომ სწორედ რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გეგმებზე, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, რუსული მხარეცაა ჩართული. ამის მიუხედავად, რთულია რამის თქმა კრემლის გეგმებზე - აპირებს თუ არა პუტინი უკრაინაზე ელვისებურ თავდასხმას. 

აქამდე, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ძირითადად ომის არაკონვენციურ მეთოდებს იყენებდა. მაგალითად, დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული სეპარატისტების ჯგუფებსა და კიბერთავდასხმებს. 2014-ში, როდესაც უკრაინელებმა ევრომაიდანის გადატრიალება მოაწყვეს, გადააგდეს პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდნენ, რაც მოსკოვის ინტერესებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა, დესტაბილიზაციის ახალი ტალღები მომენტალურად დაიწყო. რუსულმა დაზვერვამ დონბასის რეგიონში ხელი შეუწყო ჯერ სამოქალაქო არეულობის წახალისებას, შემდეგ კი ომის დაწყებას. უკრაინაში ადრეულ ეტაპზე მიმდინარე ოპერაციებში ჩართული იყო რუსული სპეცდანიშნულების რაზმების 6 ჯგუფი, რომელთაც “მწვანე კაცუნებად” მოიხსენიებდნენ, რადგან სამხედრო უნიფორმებზე არანაირ ნიშანს ატარებდნენ, რითიც თავს არიდებდნენ კონვენციურ ომში ჩართვას. დონბასში ომის დაწყებამდე, მოსკოვმა, მწვანე კაცუნების დახმარებით, ყირიმის ანექსია შეძლო. ამჟამად, საინტერესო სწორედ ისაა, აპირებს თუ არა მოსკოვი უკრაინასთან კონვენციურ, ღიად გამოცხადებულ ომს.

მწვანე კაცუნები ყირიმში, ქალაქ სიმფეროპოლთან, 2014 წელი

 

რატომ ახლა?

რუსეთის ამჟამინდელი სამხედრო აქტიურობა რამდენიმე ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული. პირველ რიგში, ერთ მხარეს უკრაინას, მეორე მხარეს აშშ-სა და დასავლელ პარტნიორებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება. რამდენიმე კვირის წინ, 10 ნოემბერს, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, გაფორმდა ქარტია აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მხარეები ერთმანეთს დაჰპირდნენ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკურ და ენერგო საკითხებში ორმხრივი კოოპერაციულობის გაღრმავებას. ამას გარდა, 2014 წელთან შედარებით, ბევრად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რასაც, ბოლო ხანებში ანკარას მიერ კიევისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატების, Bayraktar TB-2-ების მიყიდვამაც შეუწყო ხელი. ამ ტიპის დრონები 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს აზერბაიჯანს სომხეთის მხარის დამარცხებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. უკრაინამ რამდენიმე კვირის წინ ეს უპილოტო საფრენი აპარატები სეპარატისტების წინააღმდეგ გამოიყენა კიდეც, რასაც კრემლის კრიტიკა და დესტაბილიზაციაზე საუბარი მოჰყვა. გახშირებულია შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემების წვრთნებიც. უკრაინა ახლო მომავალში NATO-ს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, თუმცა, კიევი ურთიერთობას აშკარად აღრმავებს ჩრდილოატლანტიკურ პარტნიორებთან, რაც რუსეთისთვის არანაკლები წითელი ხაზი და შფოთვის საგანია. 

თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაცია, რუსი სამხედროების უკრაინის საზღვრებთან ხელახალი თავმოყრის შესახებ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც დიპლომატიური ურთიერთიბა NATO-სა და მოსკოვს შორის გაუარესდა. ოქტომბერში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსი დიპლომატების რიცხვი გაანახევრა და რვა მათგანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამას მოჰყვა რუსეთის მიერ NATO-ში დიპლომატიური მისიის შეწყვეტა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი Bayraktar TB-2-ები
Daily Sabah

ამას გარდა, როგორც ჩანს, მოსკოვში ფიქრობენ, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს კონფლიქტში ღიად ჩართვის მოტივაცია არ ექნებათ, მითუმეტეს მათი საკუთარი საშინაო და საგარეო პრობლემების გათვალისწინებით. ეს შეხედულება, ამჟამინდელი მოცემულობით, არც თუ ისე შორს უნდა იყოს რეალობისგან. მაგალითად, ევროკავშირს ამჟამად შიდა პრობლემებს უქმნის პოლონეთისა და უნგრეთის მმართველი პარტიების რიტორიკა, ასევე ვითარება გაართულა პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მინსკის მიერ ხელოვნურად შექმნილმა მიგრანტების კრიზისმაც. აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლამ კი მოსკოვში (და კიევშიც) გააჩინა კითხვები, თუ რამდენად გააგრძელებს ამერიკა მოკავშირეებში ინვესტიციის ჩადებას. თანაც, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია თუ როგორი კორუფციული სახელმწიფოა უკრაინა. მართალია კორუფციის დონე აქ იმდენად მასშტაბური არაა, როგორც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იყო, თუმცა, ამერიკისთვის ეს მაინც გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს.

ამ ყველაფერთან ერთად, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა დასრულებულია და მალე, ამჟამინდელი შეფერხებების მიუხედავად, რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას დაიწყებს. ეს პროექტი გერმანიისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების საფრთხეს აჩენს და პრობლემები ექმნება მთელი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას. პარალელურად, ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომელიც რუსეთსა და გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, გაზსადენით აკავშირებს, აზიანებს უკრაინის ინტერესებს, რადგან აქ ბუნებრივი აირის ძველი მილსადენების პროექტებია გაყვანილი. ეს ფაქტორები მოსკოვს კიევის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებაში თავდაჯერებულობას აძლევს.

პარალელურად, რუსეთი, საკუთარ მოკავშირეებთან ერთად კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას მთელი დასავლეთის ფრონტზე. ბელარუსმა მიგრანტების კრიზისის ხელოვნურად შექმნით სიტუაცია დაძაბა პოლონეთთან და ევროკავშირთან. სამხრეთით კი პრობლემებს სერბეთი და ბოსნიელი სერბები ქმნიან, იზრდება ახალი კონფლიქტის დაწყების საფრთხე. უკრაინის პრობლემა დიდი სურათის მხოლოდ დეტალია.

უკანასკნელ ხანებში გამძაფრდა ალექსანდრ ლუკაშენკოს კიევის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკაც. მან ბოლო ინტერვიუში ოკუპირებული ყირიმი, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად აღიარა და ამას გარდა თქვა, რომ ის ყველაფერს იზამს, რათა უკრაინა “მათი გახდეს”, რაშიც, ალბათ, ამ ქვეყნის მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებას უნდა გულისხმობდეს. საინტერესოა, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა  გამოთქვა შიში, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, თავდასხმას ბელარუსის მიმართულებიდანაც ელიან. ახლა, ამ მოლოდინებს უნდა ამძაფრებდეს ის, რაც ლუკაშენკომ თავადვე აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, მინსკი მოსკოვის მხარეს დაიჭერს. 

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმა, უკრაინის დაზვერვის მიხედვით.
1 BTG (რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი) = 700-900 სამხედრო.​​​​​
​​​​​​the Telegraph

უკრაინამ მიგრანტების კრიზისის ბელარუსის სამხრეთ საზღვრებზე გადატანის შიშით, ასევე ამ ტერიტორიებიდან თავდასხმის მოლოდინის გამო, ჩრდილოეთ საზღვრებთან "სპეციალური ოპერაციის" ჩატარება დაიწყო, გადასხა დამატებითი სამხედროები, რომლებმაც წვრთნები ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებითაც გაიარეს.

როგორც ამერიკის ახალი უსაფრთხოების ცენტრის ტრანსატალნტიკური უსაფრთხოების პროგრამის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეა კენდალ-ტეილორმა Foreign Policy-სთან თქვა: “ჩემი აზრით ის (პუტინი) ფიქრობს ფაქტზე, რომ უკრაინა მიდის ისეთი ტრაექტორიით, რომელიც რუსეთს არ აწყობს. რუსეთმა ისწავლა, რომ თუ რამეს პოლიტიკურად ვერ გააკეთებს, სამხედრო ძალით იზამს. ასე რომ, ესაა სახიფათო”.

რამდენად რეალურია ომის დაწყების შესაძლებლობა?

კენდალ-ტეილორი მართალია, რუსეთმა უკვე ისწავლა, რომ იქ სადაც პრობლემებს პოლიტიკით ვერ ჭრის, სამხედრო ძალის გამოყენება გეგმა ბ-დ რჩება, თუმცა, ამ შემთხვევაში, რთულია ცალსახად ვთქვათ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრას ნამდვილად აპირებს. ვთვლი, რომ ეს პუტინის რეჟიმის მომდევნო პროვოკაცია, კუნთების თამაში და დაშინების მცდელობაა, მაგრამ არ მგონია მოსკოვი ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციასა და კონვენციური საომარი მოქმედებების დაწყებას გეგმავდეს.

რუსეთს ჯავშანტექნიკა და შეიარაღება დასავლეთ საზღვრებთან შეუნიღბავად და დამალვის გარეშე გადააქვს, თანაც ისე ანთავსებს, რომ საბრძოლო დანადგარები კამუფლაჟირებულიც კი არაა და კერძო ხელოვნური თანამგაზვრებიდან მარტივი შესამჩნევია. უეცარი თავდასხმის სურვილის შემთხვევაში, ლოგიკური იქნებოდა, მოსკოვს სამხედრო ნაწილები უფრო მეტი სიფრთხილით გადაეყვანა და განეთავსებინა, როგორც ეს Foreign Policy-ის ერთ-ერთ სტატიაშიცაა ნათქვამი. თანაც, სამხედრო შენაერთების დასავლეთის საზღვართან თავმოყრა ომის სამზადისი რომ იყოს, მოსკოვს აქ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟება დასჭირდებოდა, რაც ამ ეტაპზე არ შეუმჩნევიათ. 

უკრაინაში შეჭრა რუსეთს საკმაოდ ძვირი დაუჯდება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. თუ მოსკოვი უკრაინაში ოკუპაციის გაფართოებას მოინდომებს, ეს იქნება დაკავშირებული დიდ სამხედრო ხარჯებთან. კრემლს მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინის დაკავებაც კი ძვირი დაუჯდება. მათ ელვისებური შეჭრით მოკლევადიან წარმატებასაც რომ მიაღწიონ, სიტუაციის კონტროლქვეშ შენარჩუნება გართულდება, რადგან უკრაინული მხარე პარტიზანულ ომზე გადავა, რისთვისაც შემართება არსებობს როგორც მათ შეიარაღებულ ძალებში, ისე მოსახლეობაში. თანაც, დღეს უკრაინის არმია ბევრად უფრო მოდერნიზებული და ძლიერია, ვიდრე ის 2014 წელს იყო. აქვე, 2014-ში პრორუსული ძალების შეკავებაში დიდი როლი ითამაშა მოხალისეთა რაზმების ჩამოყალიბებამ. ისინი შემდეგ შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ. ომის სცენარის შემთხვევაში, მსგავსი შენაერთები, სავარაუდოდ, კვლავ წარმოიქმნება, რაც უკრაინის არმიისთვის პარტიზანულ ბრძოლაში დამხმარე ძალა იქნება. 

აზოვის ბატალიონის სამხედროები. ბატალიონი 2014 წელს ულტრანაციონალისტმა მოხალისეებმა შექმნეს 

ის, რომ ტერიტორიების მასშტაბური ოკუპაცია ძვირი ჯდება, მითუმეტეს, თუ ადგილობრივი წინააღმდეგობის დიდი ტალღა არსებობს, კარგად აჩვენა ავღანეთის მაგალითმა, როგორც სსრკ-ს ისე აშშ-ს შემთხვევებში და ეს რუსეთისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. მუჰამედ იუსაფი, კაცი, რომელიც ავღანეთში ანტისაბჭოთა ომს პაკისტანის უწყებათაშორისი დაზვერვისთვის (ISI) ხელმძღვანელობდა, ამბობდა: “სიკვდილი ათასი ჭრილობით - ეს არის პარტიზანული არმიის დროში ნაცადი ტაქტიკა დიდი კონვენციური ძალის წინააღმდეგ. ეს ავღანეთში საბჭოთა დათვის მუხლებზე დასაცემად ერთადერთი გზა იყო”. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული ლანდშაფტიდან გამომდინარე, პარტიზანული ამბოხი უკრაინის ტერიტორიაზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ავღანეთში იყო.

დიდი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯებსა და პარტიზანული ომის სირთულეებს თავი რომ დავანებოთ, მსგავსი სვლა მოსკოვს საბოლოოდ მოწყვეტს დასავლეთს, რაც არ უნდა აწყობდეთ. მითუმეტეს, იმ რეალობაში, როდესაც სულ მალე ჩრდილოეთის ნაკადი 2 ამოქმედდება. ევროპა რუსეთისთვის ენერგოსექტორში პოტენციური სავაჭრო პარტნიორია, რომლის სრულად დაკარგვა არ უნდა აწყობდეს. თანაც, გრძელ ვადაში, მსგავსი პროექტები გაზრდის მოსკოვის გავლენას ევროკავშირის ქვეყნებზე, თუ, რა თქმა უნდა, ამ საფრთხის წინააღმდეგ დასავლეთი დროულად არ იმოქმედებს. 

თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ისეთი რეგიონული წესრიგის დაბრუნება (და ალბათ შემდეგ საკუთარი მხარის სასიკეთოდ ცვლილება), რომელშიც დასავლეთსა და მოსკოვს თანაბარი სიტყვა ეთქმით ევროპის უსაფრთხოებაზე. ამას რუსეთი დიპლომატიური გზით ვერ შეძლებს, ამიტომაც, შესაძლოა, ეს გარემოება პუტინს აძლევდეს ომის მოტივაციას, იმ გათვლით, რომ მასშტაბური კონფლიქტი ევროპის წამყვან სახელმწიფოებს შეაშინებს და მოსკოვს უფრო სერიოზულად აღაქმევინებს. თუმცა, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, რუსეთს ამის შესაძლებლობას აძლევს საკუთარი აგრესიული და ხისტი პოლიტიკაც, რომელიც ხშირად არაკონვენციურ ქმედებებს ეყრდნობა. რუსეთისთვის ომის დაწყების კიდევ ერთი მოტივაცია შეიძლება ის იყოს, რომ მომავალში სამხედრო ინტერვენციის მცდელობა იმაზე ძვირი დაჯდება ვიდრე ახლა.

უკრაინელი სამხედრო დონბასის ფრონტის ხაზზე, 2021 წელი

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამჟამინდელი უჩვეულო აქტიურობა უფრო მეტად რუსეთის ჯარის სტრატეგიული განლაგების ცვლილებას ჰგავს, ვიდრე მცირე დროში ომის დაწყების სამზადისს. შესაძლოა, ეს იყოს გათვლა სამომავლო კონფლიქტისთვის, თუმცა, მეეჭვება, რომ მოსკოვი უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში შეიჭრას, როგორც ამას გენერალ-ბრიგადირი კირილო ბუდანოვი ამბობს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა და უკრაინამ თვალი დახუჭონ ამ უჩვეულო სამხედრო გადაადგილებებზე. კიევისა და ვაშინგტონის საგანგაშო ტონიც იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ მათ სხვა დასავლელი პარტნიორების გამოღვიძებაც სურთ.

თუმცა, რუსეთის ჯარის უკრაინის საზღვრებთან მობილიზაცია მხოლოდ სტრატეგიული განლაგების ცვლილებაც რომ იყოს, მსგავს ვითარებაში, შესაძლოა, პატარა ინციდენტსაც კი დიდი ესკალაცია მოჰყვეს. სწორედ ეს არის საშიში გარემოება. ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში 2008 წლის საქართველოს მოვლენების ხსენება დამთხვევა არ ყოფილა. რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკვე ამუშავდა და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში თავს წინასწარ იზღვევს. განცხადებაში რუსული მხარე აშშ-ს დეზინფორმაციის გავრცელებასა და სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებს. მოსკოვი აშშ-სა და ევროკავშირს აბრალებს, რომ ისინი "კიევს ყველაფრის გაკეთების უფლებისა და დაუსჯელობის განცდას მიზანმიმართულად უძლიერებენ", რაც, განცხადების მიხედვით, რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებამდე იხილა.

რა უნდა ქნას დასავლეთმა უკრაინასთან მიმართებაში?

როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა, თავდაპირველად მას რუსეთის მიმართ განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და თანახმა იყო მოლაპარაკებებზე, თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 2020 წელს, როდესაც მან უარი თქვა მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე, შეწყვიტა მოლაპარაკებები და დახურა პრორუსული ტელევიზიები. ამის პარალელურად, უკრაინაში მცირდებოდა რუსული გავლენა, კრემლის მიერ კონტროლირებული ტერიტორიების გარდა და კიევი უფრო უახლოვდებოდა დასავლეთს. რუსეთიც და უკრაინაც ხვდება, რომ მოლაპარაკებებით, ყოველ შემთხვევაში აქამდე არსებული ფორმატით, სტატუს-კვოს საკუთარი თავის სასარგებლოდ ვერ შეცვლიან. მართალია ზელენსკი უკვე ფიქრობს, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები საჭიროა, თუმცა, ეს პროცესი რამდენად გამოიღებს შედეგს, ცალკე საკითხია.

რუსეთს უღრმავდება შიში, რომ უკრაინის ტერიტორია თავის წინააღმდეგ დასავლეთის პლაცდარმი გახდება, კიევი კი, შესაძლოა, უფრო და უფრო მოექცეს აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ. ამის პარალელურად, ზელენსკის მთავრობა ძლიერი ვერ გამოდგა, კორუფცია და ოლიგარქიული მმართველობა უკრაინაში კვლავ პრობლემად რჩება. მისი პოპულარობა თანდათან იკლებს, რასაც დამატებით ხელს უწყობს მის წინააღმდეგ მიმართული რუსული პროპაგანდა. ეს სიტუაცია კრემლს კიდევ უფრო უნდა არწმუნებდეს, რომ ამჟამად კიევთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა შესაძლოა უფრო მარტივი იყოს. მოსკოვი იმასაც კარგად ამჩნევს, რომ დასავლეთის ყურადღება სხვაგან არის გადატანილი და NATO-ს ბლოკში ინტერესთა წინააღმდეგობა არსებობს.

ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები Fiarles Guardian - 2015-ის სამხედრო წვრთნების გახსნის ცერემონიაზე, 2015 წელი, აპრილი, ლვოვის რეგიონი

აშშ-სთვის და ასევე დიდი ბრიტანეთისთვის ამჟამად პრიორიტეტი ჩინეთის შეკავებაა და უკრაინის საკითხი მათთვის, თითქოს, მეორეხარისხოვანია. ამავე პრიორიტეტმა გამოაჩინა ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში გარკვეული უთანხმოებები არსებობს, რაც გამოვლინდა ჩინეთის საწინააღმდეგო AUKUS-ის (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) აქტის შემდეგი მოვლენებითაც. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალია ამერიკულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს მიიღებს, რაც საფრანგეთმა ზურგში დანის ჩაცემად აღიქვა და დიპლომატიური უთანხმოება მოჰყვა. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2016 წელს ავსტრალიამ აირჩია ფრანგული გემმშენებელი კომპანია Naval Group-ი, რომელსაც $40 მილიარდის სანაცვლოდ ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ხომალდების ფლოტი უნდა შეექმნა. ამ გარიგებას AUKUS-ის შეთანხმების პირობებმა აზრი დაუკარგა და ის ჩაიშალა. რუსეთი მსგავს უთანხმოებებს კარგად აკვირდება და მეტად რწმუნდება იმაში, რომ NATO-ს მის წინააღმდეგ ერთიანი ქმედება არ შეუძლია. 

როგორც აქამდე ვთქვი, არ მგონია 2022 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაიწყოს, თუმცა, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთს შეიძლება ეძლეოდეს კონფლიქტის მოტივაცია, რომელიც თუ რამდენიმე თვეში არა, შესაძლოა, რამდენიმე წელში განვითარდეს. აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების უკრაინის მიმართ ამჟამინდელი მხარდაჭერა, რომ თავდასხმას შედეგები მოჰყვება, რომ მზად არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ა.შ. მხოლოდ დიპლომატიური საუბარია, მკაცრი, თუმცა, მაინც დიპლომატიური. ეს არის სიტყვები, რომელთაც რუსეთი სერიოზულად არ აღიქვამს. მართლაც, მხოლოდ სიტყვიერი დაპირებები თავდაცვის გარანტია უკრაინისთვისაც ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, მოსკოვის მოლოდინების გასაქარწყლებლად და კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად, დროა დასავლეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, გადადგას კონკრეტული, ცხადი ნაბიჯები. დროა განიმარტოს ზუსტად, თუ რა იგულისხმება “შედეგებში”. უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია აშშ-ს ინტენსიური ჩართულობა, რაც ამ პროცესს აქამდე აკლდა. საჭიროა დასავლეთმა რუსეთს ცხადად აჩვენოს, რომ უკრაინაზე თავდასხმა მას ძალიან ძვირად დაუჯდება, საჭიროა მოკავშირეებმა საქვეყნოდ გამოაცხადონ გეგმა, თუ რას მოიმოქმედებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გამოაცხადონ წითელი ხაზები, რომლებიც კრემლმა არ უნდა გადაკვეთოს. მოსკოვის ქმედებებზე კოორდინირებული პასუხის გაცემის შეუძლებლობამ კიევს უკვე დიდი დარტყმა მიაყენა 2014 წელს. მსგავსი შემთხვევის გამეორება დაუშვებელია.

"მისი მომდევნო სვლა მაშფოთებს" – The Economist-ის კარიკატურა

 

კომენტარები