დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ფსაკი: რუსეთი ცნობილია ამბების ფაბრიკაციით, აშშ-ს საქართველოში ლაბორატორიის მართვა დააბრალა

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას რუსეთის მხრიდან  უკრაინაში შეჭრის საბაბად შესაძლო ყალბი ვიდეოს გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რუსული ტაქტიკაა. მან გაიხსენა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდება, რომ აშშ თითქოს საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ფარულად მართავდა. 

"სიმართლე ისაა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ვნახეთ რუსეთის მსგავსი ქმედებები. მართალია, წარსული პრეცედენტები გამეორების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გააცნობიერონ, რისი უნარი აქვს რუსეთს და რა ტაქტიკა იყენებდა იგი წარსულში.

რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ფარულ მართვაში დაადანაშაულა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციას". - თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. 

ფსაკის განმარტებით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა შეაგროვეს სადაზვერვო ინფორმაცია, რითიც აშკარავდება რუსეთის მცდელობა გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაზე თავდასასხმელად. 

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში". - აღნიშნა პრესსპიკერმა. 

4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რუსეთის მხრიდან განიხილება, ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა - აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვან მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი სავარაუდო ოპერაცია  აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში იქნება. ვიზუალური მასალა აჩვენებს გარდაცვლილ მშვიდობიანი მოსახლეობის  კადრებს, რათა გამოიწვიოს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ აღშფოთება.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები