დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა აშშ-ს მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ.

"ამერიკის მოქალაქეებმა [უკრაინა] ახლავე უნდა დატოვონ", – თქვა ბაიდენმა. 

მისი თქმით, აშშ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჯარს არც ერთ შემთხვევაში გაგზავნის, რადგან თუ რუსი და ამერიკელი სამხედროები ერთმანეთს ცეცხლს გაუხსნიან, ეს მსოფლიო ომი იქნება.

"არ არსებობს. ეს არის მსოფლიო ომი, როცა ამერიკელები და რუსები ერთმანეთს ესვრიან. ჩვენ ადრინდელისგან ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ", – უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, აშშ-ს მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჯარის გაგზავნის რა სცენარები არსებობს.

"ეს არაა ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმის დაჭერა. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და მოვლენები შეიძლება უცებ აირიოს", – ამბობს ბაიდენი.

"იმედი მაქვს, თუ [პუტინი] იმდენად სულელია, რომ [უკრაინაში] შეიჭრას, იმდენად ჭკვიანი მაინც იქნება, რომ არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რასაც ამერიკის მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა ექნება", – თქვა ბაიდენმა. 

ჟურნალისტის შეკითხვას, უთქვამს თუ არა ბაიდენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინისთვის, რომ ამერიკელები მისთვის გადაუკვეთავი წითელი ხაზი იქნება, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: "არაა საჭირო რომ ეს ვუთხრა. მე მილაპარაკია ამის შესახებ. მან ეს იცის". 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები