პოლიტიკური კრიზისი

თურნავა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე: გვაქვს შიდა რესურსი, სესხის გაზრდა საჭირო არაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ქვეყანას შიდა რესურსი აქვს და საგარეო ვალის გაზრდა საჭირო აღარაა.

"ვწუხვარ, რომ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, საკითხი დგას მარტივად - დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ზრდის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა.

ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ. აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალის გაზრდაზე, ეს არის სესხი და შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გაქვს, არაა საჭიროება, რომ გავზარდოთ სესხი. ეს არის მოცემულობა". – თქვა თურნავამ. 

ევროკავშირის განცხადებით კი, საქართველომ ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.


საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხით სახის მიღებისგან თავს შეიკავებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილებას "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ხსნის. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს.   

გუშინ, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული და EU-ს €75 მილიონს დატვირთვა არ აქვს. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები