უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული გამმეორებლების გამორთვისკენ მოუწოდა, რომელთა მეშვეობითაც, ზელენსკის თქმით, უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირება ხდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში ზელენსკი ლუკაშენკოს აფრთხილებს, რომ უკრაინა თავადვე გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს. გადაწყვეტილების მისაღებად კი უკრაინის პრეზიდენტმა მას ერთი კვირა მისცა.
"როცა ბატონი ლუკაშენკო ამბობს, რომ არ სურს ამ ომში გაერიოს, ის გულწრფელი უნდა იყოს, სულ მცირე, საკუთარი ხალხისთვის, რადგან ომში მას კი არ ჩაითრევენ, არამედ მის მთელ ქვეყანას, ეს ფაქტია.
სრულმასშტაბიანი ომი როცა დაიწყო, ჩვენ რაკეტებით დაგვესხნენ თავს, რომლებმაც ბავშვები, ზრდასრულები და დიდი ოდენობის ხალხი დახოცეს. რაკეტები ბელარუსიდან მოფრინავდნენ და მერე მანაც დამირეკა, ბოდიში მომიხადა და თქვა, რომ ჩემ კონტროლქვეშ არ იყო, რუსეთი მოქმედებდა ჩემს ტერიტორიაზეო და, რა თქმა უნდა, მე არ მჯეროდა ამის, მაგრამ მან ამის შესახებ უკვე ილაპარაკა. ახლა რუსეთი გააგრძელებს ომში მის ჩათრევას და ახლა მას ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს.
ცხადია, დღეს მას გამმეორებლები აქვს თავის კოშკებზე. რუსული გამმეორებლები, ბელარუსული, ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, თავის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ორი რეგიონის გასწვრივ აღჭურვილობაა, რომელიც უკრაინის მოსახლეობაზე ცეცხლის კორექტირებას ახდენს. უშუალოდ მოსახლეობაზე. ამჟამად ჩვენ იქ, სადაც უკრაინა და ბელარუსი არიან, მსგავსი ძლიერი ფრონტი არ გვაქვს. ისინი იქ მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ. შესაბამის კოშკებზე გამმეორებლები აქვთ. შეუძლია მას მათი მოხსნა? რატომ ამბობს, რომ ომში გარევა არ სურს? დაე, მოხსნას ეს აღჭურვილობა, გამორთოს ის. ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება, რათა მან ეს გააკეთოს. რადგან რატომ ვამბობ კვირებს – იმიტომ, რომ ყოველდღე ჩვენი მოქალაქეები ამის გამო იღუპებიან, ბავშვები ზიანდებიან.
თუ ის ამას არ იზამს, ჩვენ გავაკეთებთ. ისევე, როგორც, მაგალითად, მისი ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსებს არ ჰქონდეთ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა და, შესაბამისად, დიზელი და ნავთობი თავიანთი არმიისთვის, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. დღეს კი ის [ლუკაშენკო] რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია. ეს ლუკაშენკოა, ეს ბელარუსია. შეიძლება ამის შეჩერება? დარწმუნებული ვარ, რომ ამის ძალა მას შესწევს და ეს მის კონტროლქვეშაა."
– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლუკაშენკოზე საუბრისას.




