პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული, EU-ს €75 მილიონს დატვირთვა არ აქვს

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა. 

კობახიძემ უპასუხა კითხვას, თუ რა ფინანსური რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის. 

კობახიძის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლიდან გამომდინარე, "აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას".

"ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3€ მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები