რუსეთი-საქართველო

ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები - ქართული რესპუბლიკა ზახაროვას

ქართული რესპუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა ქართული რესპუბლიკა მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა. მათი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნებისმიერი მცდელობა, პოლიტიკური დემონსტრაცია გამართონ ქართულ საჯარო სივრცეში, იქნება ყოველთვის მიუღებელი მანამ, სანამ მათ მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამბობენ, რომ იქნებიან იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები.

მოძრაობამ განაცხადა, რომ ზახაროვამ თავადვე დაადასტურა, რომ 6 ივნისს გამართული ღონისძიება არ იყო უბრალოდ კულტურული დღის აღნიშვნა, არამედ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური აქტი, თუმცა ზახაროვამ არ თქვა ის, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ არა უბრალოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ოფიციალური პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

"2026 წლის 6 ივნისს სწორედ აქ, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი. ჩვენმა მოძრაობამ მკაფიოდ მაშინვე განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ საჯარო სივრცეში საჯაროდ აღნიშვნა რუსული დღისა მიუღებელია საქართველოში მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია სწორედ მათი ქვეყნის მიერ. 18 ივნისს უკვე მარია ზახაროვამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ იყო უბრალოდ კულტურული დღის აღნიშვნა, რომელიც უკავშირდებოდა მწერალი პუშკინის დაბადების დღეს, არამედ ეს იყო რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური აქტი და დემონსტრაცია. ასევე სპიკერმა მთავარი არ თქვა, კერძოდ ის, რომ ღონისძიების აღნიშვნაში ამ ჯერზე, განსხვავებით წინა წლებისგან, მონაწილეობდნენ რუსეთის ოფიციალური პირები და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, არა უბრალოდ მოქალაქეები.

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიხურა ქართული სკოლები, შემდგომ გაუქმდა ქართული ენის გაკვეთილები იქ მცხოვრები ათასობით ეთნიკურად ქართველისთვის. დღემდე საქართველოს ეკლესიას არ ეძლევა საშუალება აღავლინოს წირვა-ლოცვა ამ ტერიტორიებზე და ამ ფონზე რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ თბილისში თავისუფლების მოედანზე რუსული ენის აღნიშვნა, იმ რუსული ენისა, რომლითაც უკვე 200 წელია ცდილობენ ქართული ენის ჩანაცვლებას, ქართველებისთვის არის მიუღებელი.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მმართველი რგოლისთვის სიმართლის უბრალოდ თქმაც კი უკავშირდება "რადიკალიზმს." ქართული განმარტებით სიტყვა რადიკალობა ნიშნავს უკიდურესობას და ჩვენთვის კარგი იქნება, თუკი მათ და ყველას ეცოდინება, რომ საქართველოს და ჩვენი სამშობლოს სიყვარულში დიახ, ნამდვილად ჩვენ ვართ უკიდურესები. ზახაროვას მოთხოვნა ასევე საქართველოს ხელისუფლებისადმი, დაისაჯონ ჩვენი მოძრაობის წევრები, სრულიად ნათელი მაგალითია, მათი კოლონიალური დამოკიდებულებისა საკუთარი მეზობელი ქვეყნების მიმართ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ ქართველი პოლიციელები, რომლებმაც აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და კრემლის ნებისმიერი მითითება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები, რათა დაიცვან სამართალი, არის უბრალოდ ზედმეტი ჩარევა უკვე მათ საქმეშიც. ხაზგასასმელია ასევე ის, რომ როდესაც რუსეთის მთავრობა, ქალბატონმა ზახაროვამ რამდენჯერმე ახსენა სიტყვა საქართველო, იყენებს ამ სიტყვას, ისინი გულისხმობენ ჩვენს ქვეყანას, უპირველესად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ მრავალჯერ სცადა და ახლაც აგრძელებს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას, ამის საპასუხოდ რუსეთისა და კრემლის მხრიდან ყოველ ჯერზე სიტუაცია კიდევ უფრო და უფრო მძიმდება და ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდა ქართულ ოცნებას თუნდაც შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი, უფრო და უფრო მეტ უსამართლობას ვიღებთ. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აქამდე იყო. იქ ქართული ენა თითქმის საერთოდ აღარ ისმის. ს

აბოლოო ჯამში, ქართული რესპუბლიკის პოზიცია არის უცვლელი. ჩვენი ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევია ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით. ასევე ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საქართველოს პოლიტიკას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს მშვიდობიანი მეთოდებით და ამასთან ერთად გვჯერა და გვწამს, რომ მთავარი არის ამ ერის და სახელმწიფოს ღირსება.

საბოლოო ჯამში, 6 ივნისის მოვლენები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა იყოს ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი მათი თანამშრომლების მცდელობა პოლიტიკური დემონსტრაცია გამართონ საქართველოს და ქართულ საჯარო სივრცეში, იქნება ყოველთვის მიუღებელი მანამ, სანამ მათ მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამ ტერიტორიებიდან გამოდევნილნი არიან ქართველები და გამოდევნილია საქართველოს ეკლესია. საბოლოო ჯამში ქართული რესპუბლიკა შევახსენებთ ყველას, რომ ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც არის საქართველოს ინტერესები, რადგან ჩვენ, ქართველები ერთი გუნდი ვართ და ამ ერთობით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ღირსებას."

ცნობისთვის, 6 ივნისს, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს, რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა პოეტის სახელობის სკვერში რუსული ენის დაცვის დღე აღნიშნეს, რაც სამოქალაქო მოძრაობის, "ქართული რესპუბლიკის" წევრებმა გააპროტესტეს.

19 ივნისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მათ ექსტრემისტები უწოდა.

კომენტარები