პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის გამო, საპასუხოდ, უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი პოლონეთისგან მიღებულ ჯილდოებსა და ორდენებზე უარს ამბობს.
ამ დროისთვის, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა და პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბონდარმა მიიღეს.
ანდრიი სიბიჰა ამბობს, რომ ის პოლონეთს მისგან მიღებულ სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს.
"ვწუხვართ, რომ ვარშავაში ემოციებმა სძლიათ და პოლონელ პოლიტიკოსებს გაუმართლებელი, იმპულსური და უპატივცემულო ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა არა მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის, არამედ უპირველეს ყოვლისა, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ასეთი დაუფიქრებელი ქმედებების გათვალისწინებით, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, კვლავ შევინარჩუნო 2022 წელს პოლონეთის მიერ ჩემთვის მონიჭებული მაღალი სახელმწიფო ჯილდო - პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის ვარსკვლავიანი კომანდორის ჯვარი. მალე მას პოლონეთს დავუბრუნებ". - თქვა სიბიჰამ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი კი წერს, რომ ის უარს ამბობს პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის მიღებულ ოქროს ოფიცრის ჯვრის ორდენზე, რომლითაც ის პოლონეთის პრეზიდენტმა გასულ წელს დააჯილდოვა.
"სამწუხაროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ჩვენი ხალხის მიმართ არამეგობრული ქმედება ჩაიდინა, როცა ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა. ეს საჩუქაროა მოსკოველი აგრესორისთვის". - წერს ბუდანოვი.
ბუდანოვის გარდა, პოლონეთისგან მიღებულ ოქროს ოფიცრის ჯვრის ორდენს უკან აბრუნებს პოლონეთში უკრაინის ელჩი, ვასილ ბონდარიც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – თეთრი არწივის ორდენი – ჩამოერთმევა, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო დანაყოფს იმ დაჯგუფების სახელი დაარქვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ეთნიკური პოლონელების ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა.
"პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ დანაყოფს "УПА-ს გმირების" სახელი დაერქვას,"... მე გადავწყვიტე, რომ უკრაინის პრეზიდენტს თეთრი არწივის ორდენი ჩამოვართვა." – განაცხადა ნავროცკიმ.
27 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელშიც უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები ცენტრს "УПА-ს გმირების" პატივსაცემი სახელი დაარქვა. ზელენსკის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით" მიიღო.
უკრაინის მეამბოხეთა არმია (УПА) პარტიზანული ფორმირება იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსთვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. თუმცა, დაჯგუფება ასევე პასუხისმგებელია "ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზეც," რასაც ათეულობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა, ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა. პოლონური მხარის შეფასებით, მომხდარი უკრაინის მეამბოხე არმიის მიერ ჩადენილი გენოციდი იყო, ხოლო უკრაინა ჩადენილ დანაშაულებზე ორმხრივი პასუხისმგებლობის აღიარებას ითხოვდა.




