რუსი ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი (ფსევდონიმად სტრელკოვი), რომელიც 2014 წელს იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში, დონბასში ომი წამოიწყო, წერს, რომ ბახმუტის მოვლენების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატების საუკეთესო შანსი აქვთ.
გირკინი ამბობს, რომ ახლა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ნაწილების ბრძოლისუნარიანობა და შესაძლებლობები შესუსტებულია, რის მიზეზადაც ის მრავალთვიან ბრძოლებს ასახელებს.
"ახლა უნდა ველოდოთ მოწინააღმდეგის "საპასუხო სვლას". იმის მსგავს, რომელიც მტერმა სექტემბერში გადადგა, სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ძლევამოსილმა გენერლებმა ერთი თვის განმავლობაში "დატანჯეს" დონეცკის გარეუბანში მდებარე პაწაწინა ქალაქის ტიპის დასახლება პესკი.
რატომ ვფიქრობ, რომ მტერი მალე დაიწყებს თავდასხმას? - სწორედ იმიტომ, რომ ახლა მას წარმატების ყველაზე დიდი შანსი აქვს. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საუკეთესო მოიერიშე ნაწილები მრავალთვიანი ბრძოლების შედეგად შესუსტებულია. საბრძოლო მასალების მარაგები მინიმალურია. თუ, მაგალითად, მტერი თავდასხმისთვის შეარჩევს დონეცკის ფრონტს (მაგალითად, მარიუპოლის მიმართულებით), მაშინ მას შეხვდება ნაწილები და ქვედანაყოფები, რომლებიც ძლიერაა შელახული და "შეთხელებული" ბახმუტში რეზერვების გადასროლით. ხოლო თუ დააპირებს ზაპოროჟიეს ფრონტის მიმართულებით იერიშს, მაშინ შეუძლიათ არც იდარდონ სლოვიანსკ-კრამატორსკის მიმართულებითა და ავდიივკასთან საკუთარი თავდაცვის სტაბილურობაზე". – თქვა გირკინმა.
რუსმა ულტრანაციონალისტმა ბახმუტზე თქვა, რომ მისი აღება არ იყო საჭირო, რადგან პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა და წარმატება "პიროსის გამარჯვებაა", რაც, მისი აზრით, გაწეულ დანახარჯად არ ღირდა.
"ამიტომ, ვთვლი, რომ ბახმუტში გამარჯვება იყო: ა) თავიდანვე არასაჭირო ("ყურადღების გადატანა გამოუსადეგარ ობიექტზე", ამის შესახებ მრავალჯერ დავწერე); ბ) "პიროსული". ის არ ღირდა მასზე დახარჯულ ძალებად და საშუალებებად, ოდნავადაც კი". – დაამატა გირკინმა.
პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ და წავლენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი თავდასხმით მოქმედებებს აგრძელებს და ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის თქმით, ქალაქის ტაქტიკურ ალყაში მოქცევასთან ახლოს არიან.
5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.
კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს
ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.
პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს.
7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.
12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.
პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე





