რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა ბელარუსისა და სამოკავშირეო სახელმწიფოს დასაცავად სამოკავშირეო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს.
ლავროვი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ბელარუსისადმი გაფრთხილებას, რომ თუ არ გათიშავენ დანადგარებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინაზე იერიშების კორექტირება ხდება, ამას თავად გააკეთებენ.
"ეს ცხადად არის მიმართული იმისკენ, რომ ბელარუსი უშუალოდ ჩაითრიონ კონფლიქტში და საბრძოლო მოქმედებების გეოგრაფია გააფართოონ, შესაბამისად გაართულონ კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით დარეგულირების შესაძლებლობა." - ირწმუნება ლავროვი.
ლავროვმა აღნიშნა, რომ 2025 წლის მარტიდან ბელარუსსა და რუსეთს შორის მოქმედებს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე. მისი მტკიცებით, მოსკოვი მზადაა ამ დოკუმენტის შესაბამისად იმოქმედოს.
"აუცილებლობის შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ მთელი ზომების კომპლექსი, რომლებიც გათვალისწინებულია შეთანხმებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოკავშირისა და, რა თქმა უნდა, სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოება." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამას გარდა ლავროვმა ზელენსკი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და "ფიურერი" დაუძახა.




