რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ

ვლადიმირ პუტინი
Dmitri Lovetsky / Associated Press

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები "სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე" აწარმოოს.

"რუსეთი, როგორც არაერთხელ ითქვა, მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მზადაა იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში, 2022 წლის გაზაფხულზე იქნა მიღწეული. შეგახსენებთ, რომ ისინი უკრაინულმა დელეგაციამ პარაფირებითაც დაადასტურა, რაც ნიშნავს, რომ მაშინ მათი პირობები უკრაინულ მხარეს მისაღებად მიაჩნდა." – თქვა პუტინმა.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები სტამბოლში 2022 წლის ომის პირველ თვეებში გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად შემუშავდა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობრივ შეზღუდვას უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების სანაცვლოდ. აღნიშნული დოკუმენტი მედიაში ორი წლის შემდეგ გაიჟონა.

პროექტის მიხედვით, ყირიმი დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩებოდა, ხოლო დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო სტატუსი მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყვეტილიყო.

სტამბოლის მოლაპარაკებები გაიმართა მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას გამოაცხადებდა და მათ საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანდა. მიუხედავად ამისა, რუსი ოფიციალური პირები, მათ შორის თავად პუტინი, 2024 წლიდან არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მოსკოვი კვლავ მზადაა დიალოგისთვის სწორედ "სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე".

გასული წლის განმავლობაში მოსკოვი კიევისგან ასევე მოითხოვდა მოლაპარაკებების დაწყებას "ანკორიჯის საფუძველზე". ამ ფორმულირებით რუსული მხარე გულისხმობდა პუტინისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრას ალასკაში. მოსკოვში აღნიშნულ შეხვედრას განმარტავდნენ, როგორც შეერთებული შტატების დე ფაქტო თანხმობას იმაზე, რომ რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს კონტროლი უკრაინის ყველა ოკუპირებულ რეგიონზე, მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც რუსეთის არმია ამჟამად სრულად არ აკონტროლებს.

კომენტარები