რუსეთი

რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა

slon.ru

რუსეთის ნავთობის მოპოვების უმსხვილეს რეგიონში, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში, მრავალ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა რუსლან კუხარუკმა ოპერატიულ თათბირზე გამოაცხადა.

კუხარუკის თქმით, შეზღუდვები "გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით" დაწესდა, რათა თავიდან აიცილონ საწვავის "ხელოვნური" დეფიციტი, ასევე "სპეკულაცია და გადაყიდვა". გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელ ავტოგასამართ სადგურებზე ვრცელდება ახალი წესები.

ამასთან, რეგიონის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მიმართა, რომ ოლქში ნავთობპროდუქტების მარაგი საკმარისია და მოქალაქეებს მოუწოდა, "ხელოვნური დეფიციტი არ შექმნან".

ადგილობრივი გამოცემა Muksun.fm-ის ინფორმაციით, შეზღუდვები მოქმედებს კომპანია "გაზპრომ ნეფტის" ცალკეულ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც ერთ მომხმარებელზე ბენზინის მაქსიმალური მოცულობა 40 ლიტრით, ხოლო დიზელის — 80 ლიტრით განისაზღვრა. მსგავსი ლიმიტები დაწესდა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურებზეც.

ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგზე რუსეთის ნავთობის წლიური მოპოვების დაახლოებით 40% მოდის. რეგიონი ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მისი ბიუჯეტის შემოსავლების 70%-ზე მეტი სწორედ ნავთობის ინდუსტრიიდან მიიღება. 2025 წლის ბოლოს კუხარუკმა განაცხადა, რომ რეგიონი უახლოეს წლებში ნავთობის მოპოვების არსებული მოცულობის შენარჩუნებას გეგმავდა.

საწვავის დეფიციტის პრობლემა რუსეთში სულ უფრო მეტ რეგიონს მოიცავს. ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები უკვე დაწესებულია ცენტრალური რუსეთის რეგიონებში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში. უმეტეს შემთხვევაში, ერთ მომხმარებელზე ბენზინის გაყიდვის ლიმიტი 30-40 ლიტრს არ აღემატება.

ყველაზე მძიმე ვითარება, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშია, სადაც რიგ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის გაყიდვა სრულად შეწყდა.

სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში რუსეთში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით. გამოცემა Ведомости კი წერს, რომ რუსეთის მთავრობა საწვავის იმპორტის გაზრდისა და მისი დამატებითი სუბსიდირების შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები