"თუ გავხდები თავმჯდომარე, აუცილებლად" - ასე უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ნიშნავს თუ არა მისი თავმჯდომარეობა, რომ პარტია ალიანსიდან გამოვა.
"მე საკითხს ასე დავაყენებ და ყველა მეთანხმება, სხვათაშორის, დღეს პარტიაში რომ მქონდა შეხვედრა, მე იქ განსხვავებული მოსაზრება არ მომისმენია.
[…] მიშა ფიქრობდა, მარტო მიშა არა, ბარამიძე და სხვებსაც ვესაუბრე, ისინი ფიქრობდნენ, რომ არ უნდა ყოფილიყო ხუთიანი იმის მიზეზი, რომ კოალიცია არ შედგა სრულფასოვნად და ამიტომ, მე როგორც მოვისმინე მიშა იყო წინააღმდეგი, რომ 26 მაისამდე არ შეიძლებოდა კოალიციის დაშლა ან ვინმეს გამოსვლა, არასწორი იქნებოდა კოალიციასთან იმიტომ, რონ ძალიან დიდი თარიღი იყო და ეს ყველას თარიღი უნდა ყოფილიყო. ახლა როგორც მე ვიცი, ყველა ერთ აზრზეა, განსხვავებული მოსაზრება არავის აქვს." - ამბობს ჟორჟოლიანი პალიტრა ნიუსის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
16 ივნისს, TV პირველის ეთერში ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ სააკაშვილმა "ჟორჟოლიანს შესთავაზა თავმჯდომარეობა", ეს ექსპრეზიდენტს "თავად არსად არ დაუწერია."
ხოლო 17 ივნისს, სააკაშილმა სოციალურ ქსელში პოსტის სახით დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. რასაც მალევე უპასუხა ბოკუჩავამ და გადაწყვეტილებას "იმპულსური" უწოდა.
იმავე დღეს, ჟორჟოლიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეფექტური იქნებოდა, თუკი ის "ქვეყნის შიგნით", ხოლო ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ქვეყნის გარეთ" იმუშავებდნენ, თუმცა, "ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს".
20 ივნისს, პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნულ თემაზე კვლავ ისაუბრა, ბოკუჩავას განცხადებით, "გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს."




