დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზას წყარო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის დაახლოებული, ოკუპირებულ ცხინვალში საკადრო გადანაცვლებების შემდეგ ვარაუდობს, რომ რუსეთი კვლავ დაფიქრდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეერთებაზე.
ჯერ კიდევ 2022 წელს იგივე წყარო საუბრობდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ან რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთების სცენარზე, რომელსაც, მისი თქმით, კრემლში განიხილავდნენ.
წყაროს განმარტებით, ასეთი ნაბიჯი რუსეთის მოსახლეობისთვის "ტერიტორიული შეძენის" დემონსტრირება იქნებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დატოვა.
"ეს სცენარი სერიოზულად განიხილებოდა, თუმცა არა დიდხანს. ოსეთში მოსახლეობის უმრავლესობა "მომხრეა", მაგრამ აფხაზეთში უმრავლესობა კატეგორიულად წინააღმდეგია. საბოლოოდ, მხოლოდ ოსეთის მიერთება ზედმეტად მცირე ნაბიჯად მიიჩნიეს", — უთხრა მედუზას წყარომ.
რუსმა პოლიტტექნოლოგმა, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის პოლიტიკას კარგად იცნობს, რეგიონი "ნაცრისფერ ზონად" აღწერა, "სადაც ფულის გათეთრება და ნაღდი ფულის არალეგალური ბრუნვა ყვავის", რის გამოც, მისი თქმით, "გადაწყვიტეს, მას არ შეხებოდნენ".
მედუზას წყაროს თქმით, ახლა კვლავ განიხილება "მინი-სსრკ-ს შექმნა".
"როგორც ჩანს, ახლა კვლავ ფიქრობენ "მინი-სსრკ-ს" პროექტზე." — უთხრა მედუზას ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო საარჩევნო კამპანიებზე მომუშავე პოლიტტექნოლოგმა.
ალან გაგლოევის წინამორბედმა მარიონეტმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. თუმცა, ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, გაგლოევმა რეფერენდუმის ჩატარება "გადადო".
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი საკუთარ პოზიციას ტოვებს და ვლადიმირ პუტინის მრჩევლად ინიშნება. მის მოვალეობას დროებით შეასრულებს რუსეთის მოქალაქე და კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, მარატ კამბოლოვი დაინიშნა.




