რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, იმის გაფიქრებაც კი არ უნდა, რომ აშშ-რუსეთის 2025 წლის ალასკის სამიტი შესაძლოა დროის მოსაგებად გამართულიყო. მისი მტკიცებით, მოსკოვი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებები ნებისმიერ მომენტში განაახლოს.

"არ მსურს ვიეჭვო, რომ ალასკა, როგორც ევროპული მოქმედებები, ჩაფიქრებული იყო, რათა კიევის რეჟიმის შეიარაღებისთვის დრო მოეგოთ. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. თუმცა შემდეგ ისე გამოვიდა, როგორც გამოვიდა." - თქვა ლავროვმა.

ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა "განახლდეს [მოლაპარაკებები] ნებისმიერ დროს იმ წერტილიდან, რომელზეც შეჩერდნენ".

ამას გარდა, ლავროვის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და ახლა ვაშინგტონს ნაკლებად აქვს სურვილი იყოს "ობიექტური შუამავალი" რუსეთ-უკრაინას შორის.

"რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, რამდენადაც მათი ქმედებების შეფასებაა შესაძლებელი, მათ თითქოს აღარ აქვთ პრეტენზია იყვნენ ობიექტური შუამავლები და მიჰყვებიან იგივე - რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაფართოების კურსს." - გამოთქვა ლავროვმა უკმაყოფილება.

ლავროვის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "თავხედურ და არარეალისტურ წინადადებებს აყენებს".

"ბატონი ზელენსკი, რომელიც ითხოვს მოლაპარაკებებს, მოსკოვს უყენებს აბსოლუტურად არარეალისტურ და თავხედურ პირობებსაც კი. და არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საკუთარ ევროპელ კურატორებსაც. მან რამდენიმე დღის წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოიფიქროს მოლაპარაკებების ფორმატი და უნდა შესთავაზონ რამდენიმე შესაძლებლობა. მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მომლაპარაკებელი ევროპიდან. აქ კომენტარებიც კი ზედმეტია." - თქვა ლავროვმა.

აქამდე, 15 ივნისს ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ახალ ვიზიტს ელოდებიან და მათგან სურთ მოისმინონ, როგორ აპირებს ვაშინგტონი 2025 წლის ზაფხულში, ანკორიჯში, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას ეხება.

კომენტარები