რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი მზადაა, ბახმუტში ვაგნერის პოზიციები კადიროვის ახმატის ქვედანაყოფს გადასცეს

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტში საკუთარი ძალების პოზიციებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახმატის ქვედანაყოფს გადასცემს.

"მადლობას ვუხდი რამზან ახმატოვიჩს, რომ დათანხმდა, გამონახოს ყველა აუცილებლობა და საჭირო რესურსი, რათა ბახმუტში ჩვენს პოზიციებზე ჩადგეს. მე უკვე დავუკავშირდი მის წარმომადგენლებს, რათა პოზიციების გადაცემა დაუყოვნებლივ დაიწყოს 10 მაისს, 00:00-ზე, ზუზსტად იმ დროისთვის, როცა, ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს". – თქვა პრიგოჟინმა.

ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურის მიხედვით, მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ცვლილების მოთხოვნის წერილიც გაუგზავნა.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა.

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.

თებერვლის შუა რიცხვებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ლაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო და მისი მკვლელობა სცადეს. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ.

კადიროვმა და პრიგოჟინმა გასული წლის ოქტომბერში გააკრიტიკეს რუსეთის ჯარის დანაყოფების მეთაურები, მას შემდეგ, რაც მათ ქალაქი ლიმანი დაკარგეს. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები გასული წლიდან მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები