რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირკინი: ვაგნერი, როგორც დამრტყმელი ძალა, აღარ არსებობს

იგორ გირკინი

რუსი ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი (ფსევდონიმით - სტრელკოვი) ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი, როგორც ეფექტიანი საბრძოლო ძალა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამის შესახებ მან 17 მაისს გავრცელებულ ჩანაწერში ისაუბრა.

როგორც გირკინმა აღნიშნა, გასულ დღეებში ვაგნერის ჯგუფის ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმიტომ უთმობდა, რომ იერიშის ყველა მიმართულებით გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ამას გარდა, გირკინი თვლის, რომ ვაგნერის დამფუძნებელს, ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს პოლიტიკური მიზნები აქვს, თუმცა მისი ძალების დასუსტება ამ ყველაფერში ხელს შეუშლის.

"ფაქტობრივად პრიგოჟინი უკვე ანაწილებს სამინისტრო პორტფელებს, ან ამაზე პრეტენზია აქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ეჭვი მეპარება, რომ ის ან ანაწილებს ან მონაწილეობას მიიღებს მსგავს განაწილებაში ახლა ან მომავალში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ვაგნერი, როგორც სამხედრო ძალა, როგორც სრულფასოვანი არმიის კორპუსი, რომლის შემადგენლობაშიც იყო ოცზე მეტი სხვადასხვა ქვედანაყოფი დივიზიის ბატალიონის დონის, ფაქტობრივად დასრულდა. საჰაერო-სადესანტო ძალებისთვისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებისთვის ფლანგებზე მონაკვეთების გადაცემა არ ხდებოდა იმიტომ, რომ ვაგნერს ეს მონაკვეთები ბეზრდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ვაგნერს ყველა მხარეს იერიში აღარ შეეძლო". – თქვა გირკინმა.

რუსი ულტრანაციონალისტის თქმით, ვაგნერმა იგივე დავალება რომ მიიღოს, რაც ბახმუტში ჰქონდათ, უკვე ვეღარ შეასრულებენ.

"ვაგნერი, როგორც დამრტყმელი მოიერიშე ერთეული, მორჩა, უკვე აღარ არსებობს. ხვალ მსგავს დავალებას თუ მისცემენ, ვერ შეასრულებენ". – აღნიშნა ულტრანაციონალისტმა.

გირკინი თვლის, რომ რუსეთს ეფექტიანი სახმელეთო ძალები აღარ გააჩნია. მისი თქმით, განადგურებულია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახმელეთო დანაყოფიც, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

რუსმა ულტრანაციონალისტმა აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინს ბახმუტის აღება სურს, რათა თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, რაც მას პოლიტიკაში მოსვლაში დაეხმარება. თუმცა გირკინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გამარჯვება ყალბი იქნება, რადგან დანაკარგები დიდია.

"პრიგოჟინი, როგორც ჩანს, თავის პოლიტიკურ მიზნებს გადაჭრის ქალაქის აღებითა და თავის გამარჯვებულად გამოცხადებით, თუმცა დანაკარგებისა და წინსვლის გათვალისწინებით, არანაირი გამარჯვება არ არსებობს... ის ესწრაფვის ერთი დიდი გამარჯვების განაღდებას მაინც, რათა ამ გამარჯვებით პოლიტიკაში მოვიდეს. გამარჯვების დიდებით, თუნდაც ყალბით, კოლოსალური, სინამდვილეში არასაჭირო დანაკარგებით, მაგრამ დიდებით, რომელიც, ახლა მოქმედი სამხედრო მეთაურებიდან არავის აქვს". – თქვა გირკინმა.

ამას გარდა, გირკინმა აღნიშნა, რომ პრიგოჟინს მომავალში რუს მაღალჩინოსნებთან კონფლიქტები ექნება, რადგან ეს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რუსი ულტრანაციონალისტი ვაგნერის დამფუძნებლის მონაწილეობით ბევრ სკანდალს პროგნოზირებს.

გირკინის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელთა თავდაცვასთან დაპირისპირებაში უშედეგოდ დაკარგეს სამხედროები და ამაში დამნაშავე არამხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არამედ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც არიან.

"იმაზე, რომ ჩვენმა სამხედროებმა ზამთრისა და გაზაფხულის კამპანიაზე მოწინააღმდეგის თავდაცვაზე შუბლი შეიმტვრიეს, უნდა ვადანაშაულებდეთ არამხოლოდ არამთავარსარდალსა (რედ: ირონიულად უწოდებს ვლადიმირ პუტინს) და მის წრეს, რომელიც პოლიტიკურ მიზანს აყალიბებს, არამედ თავად ამ კრეტინებსა და მავნებლებსაც. ესენი კი არიან შოიგუ, გერასიმოვი, სუროვიკინი". – აღნიშნა გირკინმა. 

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს, რასაც უკრაინა უარყოფსვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის ძალებს გადასცემენ და წავლენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".

კომენტარები