ელენე ხოშტარიას საქმე

24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა

პარტია დროა განცხადებას ავრცელებს პარტიის თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათი ცნობით, ხოშტარიას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ვერ ხერხდება. 

მათივე განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და ხვალ, 24 ივნისს პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოინახულებს მისი მკურნალი ექიმი.

"ბოლო დღეების განმავლობაში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მას აქვს ქრონიზებული ტკივილი, რომლის მართვაც ვერ ხერხდება. ამ ტიპის გამუდმებული ტკივილის ატანა ციხის პირობებში უთანაბრდება წამებას.

ხაზგასასმელია, რომ დღემდე არ დაწყებულა შედეგზე ორიენტირებული, სისტემური მკურნალობა. ელენეს სიმპტომები, ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა საგანგაშოა და შესაძლებელია მალე დასრულდეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანებით. შესაძლოა მან ვერ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.

დღეს ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი ექიმი ანი ქავთარაძე და მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე შეხვდნენ ქალთა მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორსა და მთავარ ექიმს. 

ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა, რომ მკურნალობის პროცესში ჩაერთვება და ხვალ პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი, რომელიც პირადად გასინჯავს პაციენტს.

ელენეს მკურნალი ექიმი უკვე გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას. მისი ციხეში ვიზიტისა და ელენესთან უშუალო კომუნიკაციის შემდეგ საზოგადოებას გავაცნობთ დამატებით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭირო მკურნალობის შესახებ.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - წერს დროა. 


რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ ქ7 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

კომენტარები