რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სირსკი: ბახმუტის ტაქტიკურ ალყაში მოქცევას ვუახლოვდებით

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, მათი ძალები ქალაქი ბახმუტის ტაქტიკურ ალყაში მოქცევასთან ახლოს არიან.

"იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ ბახმუტის უმნიშვნელო ნაწილს ვაკონტროლებთ, მისი დაცვის მნიშვნელობა აქტუალურობას არ კარგავს. ის, ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ქალაქში შესვლის საშუალებას გვაძლევს. ეს კი აუცილებლად მოხდება. 

ბახმუტის შემოგარენში ფლანგებზე წინსვლას განვაგრძობთ და ფაქტობრივად ვუახლოვდებით ქალაქის ტაქტიკურ ალყაში მოქცევას. ამის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ გავაკონტროლოთ ყველა მაღალი შენობა, რომელიც მტერს აქვს დაკავებული და მათ თანდათანობით გავანადგურებთ. ეს მტერს დააკარგვინებს კონტროლს ქალაქის მისადგომებზე და ჩვენ გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას მოგვცემს". – თქვა სირსკიმ. 

ამას გარდა, სირსკის თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ და წავლენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".

გირკინი: ვაგნერი, როგორც დამრტყმელი ძალა, აღარ არსებობს

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი თავდასხმით მოქმედებებს აგრძელებს და ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. 


5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები