რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

რამზან კადიროვის დაჯილდოება ვლადიმირ პიუტინის მიერ, 2022 წლის 22 დეკემბერი.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის მას ბახმუტში ვაგნერის ჯგუფის ძალების ახმატის ქვედანაყოფით ჩანაცვლების განკარგულების გაცემას სთხოვს.

წერილში კადიროვი პუტინს სთხოვს, რომ ცვლილების ბრძანების გაცემაზე მითითება რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მისცეს. წერილში ჩეჩნეთის ლიდერი ითხოვს, რომ კადიროველების რაზმები სხვა მიმართულებებიდან ბახმუტში, ვაგნერის პოზიციებზე გადაიყვანონ.

"ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ მისცეთ მითითება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ ს.კ. შოიგუსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორ ვ.ვ. ზოლოტოვს, გასცენ საბრძოლო ბრძანებები სხვა მიმართულებებიდან ახმატის მოხსნისა და მათთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არტიომოვსკის (ბახმუტი) დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის პოზიციების გადაცემის შესახებ". – წერია კადიროვის წერილში.

აღსანიშნავია, რომ ბახმუტის საკითხთან დაკავშირებით, ეს არის პირველი წერილი, რომელიც უშუალოდ ვლადიმირ პუტინის სახელზე დაიწერა. აქამდე, პრიგოჟინის მიერ გაგზავნილი წერილების ადრესატი რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იყო.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.

თებერვლის შუა რიცხვებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ლაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო და მისი მკვლელობა სცადეს. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ.

კადიროვმა და პრიგოჟინმა გასული წლის ოქტომბერში გააკრიტიკეს რუსეთის ჯარის დანაყოფების მეთაურები, მას შემდეგ, რაც მათ ქალაქი ლიმანი დაკარგეს. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები გასული წლიდან მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები