რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დასავლეთის კოლონიალიზმს აკრიტიკებს.
"არ მგონია, რომ იმ იდეების გატარების რაიმე საჭიროება არსებობს, რომლებიც რკინის ფარდის საწინააღმდეგო იქნება. ყველასთვის გასაგებია, რომ რკინის ფარდა მათი ხვედრია, ვინც კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის კატეგორიებით აზროვნებს. რა თქმა უნდა, ასეთი კატეგორიები ნოსტალგიურ გრძნობებს, განსაკუთრებით, ბრიტანელებს აღუძრავს" - თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი დისკომფორტს განიცდის, რადგან მას "ივიწყებენ".
"ახლა ის ეძებს რაიმე შესაძლებლობას, რომ ისევ გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელი შეუწყოს შეერთებულ შტატებს, ემსახუროს ევროპაში აშშ-ს კონტროლის შენარჩუნებას" - თქვა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა რკინის ფარდა რომ დაუშვას, რუსეთი მაინც იპოვის განვითარების საშუალებას და, მისივე სიტყვებით, დიდად არ ინაღვლებს იმაზე, თუ რას აკეთებს დასავლეთი.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.
- რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ
- რა არის SWIFT და რა გავლენა ექნება რუსეთის გარიცხვას საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკაზე
27 თებერვალს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





